მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
კანონმდებლობა
საქართველოს მთავრობის დადგენილება N177 2014 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ


საჯარო სამართლის იურიდიული პირის – რელიგიის საკითხთა

სახელმწიფო სააგენტოს

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში -სააგენტო) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ამ დებულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის ახორციელებს საინფორმაციო, კვლევით, სამეცნიერო-საგანმანათლებლო და სარეკომენდაციო საქმიანობას რელიგიის სფეროში.

2. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.

3. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულების საფუძველზე. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში და ბანკში.

5. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N7.

 

მუხლი 2. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები

1. სააგენტო:

ა) იკვლევს და საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქართველოში რელიგიის სფეროში არსებულ მდგომარეობას;

ბ) ამზადებს რეკომენდაციებს, მათ შორის სამართლებრივი აქტების პროექტების სახით და გასცემს კონსულტაციებს რელიგიური გაერთიანებებისათვის პრობლემატურ საკითხებზე;

გ) ამზადებს რეკომენდაციებს კონსტიტუციური შეთანხმებით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებით;

დ) იკვლევს ევროპის კავშირის ქვეყნებში არსებულ სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობათა სისტემებს;

ე) შეისწავლის საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების გამოცდილებას და სტანდარტებს რელიგიის სფეროში;

ვ) კვლევების საფუძველზე შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას;

ზ) ამყარებს კავშირს და თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფოთა ანალოგიურ ორგანიზაციებთან;

თ) ქმნის და აწარმოებს რელიგიური გაერთიანებების შესახებ საინფორმაციო ბანკს;

ი) უფლებამოსილი ორგანოებისათვის გასცემს რეკომენდაციებს რელიგიურ - საკულტო დანიშნულების ნაგებობების მშენებლობის, მათი ადგილმდებარეობის განსაზღვრის და სხვადასხვა შენობება-ნაგებობების რელიგიურ-საკულტო დანიშნულების შენობად გარდაქმნის თაობაზე;

კ) საქართველოს მთავრობის სახელით, უფლებამოსილია შეასრულოს შუამავლის ფუნქცია და მონაწილეობა მიიღოს იმ დავებისა და საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც შეიძლება გაჩნდეს საქართველოში მოქმედ რალიგიურ გაერთიანებებს შორის;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს წინადადებებს რელიგიის სფეროში განათლების შესახებ;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს და რეკომენდაციებს სამოქალაქო საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში ტოლერანტული გარემოსა და შემწყნარებლობის მხარდასაჭერად;

ნ) ხელს უწყობს ინტერრელიგიური და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას რელიგიურ გაერთიანებათა შორის;

ო) ახორციელებს პრემიერ-მინისტრის დავალებებს რელიგიის სფეროში.

2. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით დააფუძნოს კერძო სამართლის იურიდიული პირები.

 

მუხლი 3. სააგენტოს მართვა და წარმომადგენლობა

1. სააგენტოს ჰყავს თავმჯდომარე (შემდგომში – თავმჯდომარე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სააგენტოს თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

გ) ახორციელებს ზედამხედველობას სააგენტოს აპარატის მიერ უფლებამოსილების შესრულების მიმდინარეობაზე, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სააგენტოს თანამშრომლების საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;

დ) მოქმედებს სააგენტოს სახელით და წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს სახელით;

ე) უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია სააგენტოსათვის დასახული ამოცანების განხორციელებაზე;

ვ) შეიმუშავებს სააგენტოს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;

ზ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს აპარატის თანამშრომლებს;

თ) საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს;

ი) განსაზღვრავს სააგენტოს აპარატის თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს;

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ლ) წელიწადში ერთხელ საქართველოს მთავრობას წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის და ფინანსურ ანგარიშს;

მ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;

ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით და სააგენტოს საქმიანობის მიზნებისთვის განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს;

ო) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.

3. თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.

4. თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მოადგილე.

 

მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა

1. სააგენტო მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით.

2. სააგენტოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური;

ბ) სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახური;

გ) (ამოღებულია - 24.01.2018, №24);

დ) (ამოღებულია - 24.01.2018, №24).

2​1. არცერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის შემადგენლობაში არ შედიან სააგენტოს შემდეგი თანამშრომლები:

ა) მედიამენეჯერი;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი;

გ) პროტოკოლის მენეჯერი;

დ) ლოჯისტიკის მენეჯერი;

ე) საქმის წარმოების მენეჯერი;

ვ) ფინანსური მენეჯერი.

3. სააგენტოს თანამშომრომელთა ფუნქციური მოვალეობები განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.

4. სააგენტო უფლებამოსილია ჰყავდეს რელიგიათმცოდნეობის, რელიგიის სამართლის, თეოლოგიის და სხვა საკითხებში კონსულტანტები, ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე.

საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის დადგენილება №24 – ვებგვერდი, 26.01.2018წ.

მუხლი 6. სააგენტოს ქონება 

კანონმდებლობით და ამ დებულებით საგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 7. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

2. საქართველოს მთავრობის თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სააგენტომ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება თავის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინე-ბულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფი-ნანსთა სამინისტროს თანხმობა.

 

მუხლი 8. საბუღალტრო ანგარიშგება

1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მთავრობას.

2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს მთავრობის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი, რომლის ხარჯებს ანაზღაურებს სააგენტო.

 

მუხლი 9. დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 10. სააგენტოს ლიკვიდაცია

სააგენტოს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.







View Larger Map