დღეს „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში“ ხელი მოეწერა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტს ხელი სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ მოაწერეს.
მემორანდუმი მიზნად ისახავს: სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ერთობლივად ჩატარებას რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; ქართულ საზოგადოებაში რელიგიის თავისუფლებისა და ისტორიული ტოლერანტობის შესახებ შემეცნების ამაღლებას; რელიგიისა და რწმენის თავისუფლების პოპულარიზაციას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და პროექტების მომზადება/განხორციელებაში ხელის შეწყობას; რელიგიისა და რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე საჯარო დისკუსიების მოწყობასა და მხარდაჭერას; რელიგიისა და რწმენის თავისუფლების თაობაზე ერთობლივი ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვასა და ჩატარებას; რელიგიისა და რწმენის თავისუფლების თემაზე ერთობლივი პროექტების მომზადება/განხორციელებასა და დონორების მიზიდვაში თანამშრომლობას. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, წარმართონ საკუთარი საქმიანობა ურთიერთთანამშრომლობის, პარტნიორობისა და ერთმანეთისადმი ხელშეწყობის პრინციპებზე დაყრდნობით.