დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ წარადგინა ადამიანის უფლებათა სამოქმედო სამთავრობო გეგმის ფარგლებში 2016 წელს განხორციელებული პროექტები და წიგნები, რომლებიც ამ პროექტების ფარგლებში გამოიცა სააგენტოს მიერ:
- გაეროს, ევროსაბჭოს, ვენეციის კომისიისა და ოსლოს კოალიციის დოკუმენტები რელიგიის თავისუფლების შესახებ.
- რუმინეთის, ბულგარეთის, ავსტრიის, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, მოლდავეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთისა და ბელორუსიის კანონმდებლობა რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ
- სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი საჯარო სამსახურში (სახელმძღვანელო საჯარო მოხელეებისათვის)
- კონფერენციის - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ - მასალები
შეკრება ფრიად წარმომადგენლობითი იყო. მას ესწრებოდნენ ქვეყანში მოქმედი ყველა რელიგიის წარმომადგენელი, უნივერსიტეტების პროფესორები, სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე ჟურნალისტები.
ღონისძიება გახსნა და შესავალი სიტყვა წარმოთქვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ. მან დაწვრილებით ისაუბრა 2016 წელს განხორციელებული პროექტების საჭიროებაზე. ითქვა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და ამ საკითხებში სამართლებრივი რეგულირების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებისა და სხვადასხვა ქვეყნის კანონმდებლობის გაცნობა. ასევე აუცილებელია მათი გამოცდილების გაზიარება და, შესაბამისად, ამ სფეროში თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბება. მისი მხრიდან აღინიშნა ისიც, რომ დღეს, როცა სამყარო დგას ახალი გამოწვევების წინაშე და პასუხი ამ გამოწვევებზე მხოლოდ საერთო ძალისხმევითაა შესაძლებელი, მსგავსი პროექტების, წიგნების გამოცემა უდავოდ ხელს შეუწყობს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებში საზოგადოების ფართო ფენების ინფორმირებულობას.
დამსწრე საზოგადოებას მიესალმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ვოლსკი. ბატონმა ვოლსკიმ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ, ადამიანებს, ყველაფერი შეგვიძლია, თვით შეუძლებელიც კი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამყაროში არსებულ წინააღმდეგობებს, მიმდინარე პროცესებს ერთი განსაკუთრებული პრინციპით - სულიერების პრინციპით - მივუდგებით. ამ საქმეში კი, მისი თქმით, უდიდესი როლი სწორედ რელიგიურ ლიდერებს, სასულიერო პირებს მიუძღვით.
საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი - ანა ფირცხალაშვილი ასევე შეეხო წარმოდგენილი პროექტების მნიშვნელობას და თავის მხრივ აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მსგავს პროექტებზე მუშაობა და მათი დღის სინათლეზე გამოტანა, უდავოდ წაადგება, როგორც ამ საკითხებით დაინტერესებულ მოქალაქეებს, ინსტიტუციებს, ის ასევე აწევს ჩვენი ქვეყნის იმიჯს მეგობრების თვალში.
ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - არანდ ბენკო დაწვრილებით შეეხო მის ქვეყანაში მუსლიმთა მდგომარეობას და ავსტრიის კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრულ მათ უფლებებს. ითქვა, რომ აუცილებელია ამ სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების დაცვა.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი - ადამ ახალაძე შეეხო ინტერრელიგიური დიალოგის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ასეთი დიალოგი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ერთიანი, ყველასათვის მისაღები ფუნდამენტი, რომელიც მოიცავს უნივერსალურ, ზოგადსაკაცობრიო მარადიულ ღირებულებებს, როგორც გზას თანხმობისა და ურთიერთგაგებისკენ.
მისი მხრიდან არც ის მომენტი იქნა დავიწყებული, რომ წარმოდგენილი პროექტები ატარებს არამხოლოდ შიდა მოხმარების სტატუსს, არამედ ის ასევე საერთაშორისო მნიშვნელობისაა.
დანარჩენმა გამომსვლელებმა ასევე ხაზი გაუსვეს ამ სახის და თავისი მნიშვნელობით ასეთი მაშტაბური პროექტების საჭიროებას.
დაბოლოს, თითოეულმა გამომსვლელმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს და მის თავმჯდომარეს გაწეული საქმიანობისათვის.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 