დღეს. 25 მარტს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენას დღესასწაულობს. ავტოკეფალიის დაკარგვა 1801 წელს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ ხელმოწერილ მანიფესტს მოჰყვა, რომლითაც გაუქმდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა, მოგვიანებით კი, 1811 წელს, ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა. ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლა ქართველმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის, კირიონ საძაგლიშვილის, ლეონიდე ოქროპირიძის მეთაურობით დაიწყო. 1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტი მიიღო, სექტემბერში კი კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, სრულიად საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელი მებრძოლი, კირიონ II გახდა, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში. 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო და მისი თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ულოცავს დღესასწაულს ყველა მართლმადიდებელს და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რადგან ავტოკეფალიის აღდგენა აღდგენილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 