აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია - სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელს რელიგიისა და გლობალურ საკითხებში - შონ ქეისს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში - არჩილ გეგეშიძე.
შონ ქეისმა დელეგაციის წევრებს სახელმწიფო დეპარტამენტში ახლად შექმნილი სამსახურის ჩამოყალიბების ისტორია და საქმიანობის მიმართულებები გააცნო. აღინიშნა, რომ რელიგიისა და გლობალურ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი ორი წლის წინ, პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებით შეიქმნა, რაც საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში რელიგიის ასპექტის მკვეთრ ზრდას უკავშირდება. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ბატონ ქეისს საქართველოში არსებული რელიგიური მდგომარეობა, რეგიონის გამოწვევები და ამ მხრივ არსებული სახელმწიფო პოლიტიკა გააცნო. მხარეთა მიერ, განსაკუთრებით ხაზი გაესვა რელიგიათა მშვიდობისმყოფელ როლს თანამედროვე მსოფლიოში, როგორც ეროვნულ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.
მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ამ მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობის პლატფორმის ჩამოყალიბების მზაობა. შეხვედრის დასასრულს ზაზა ვაშაყმაძემ ამერიკელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 