მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ბილი გრემის ორგანიზაცია რელიგიის სააგენტოს თანადგომას ჰპირდება
05.06.2023
1 / 4


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დავით დავითაშვილი ბილი გრემის ორგანიზაციის საერთაშორისო დირექტორს, სწრაფი რეაგირების კაპელანთა ჯგუფის ხელმძღვანელს, ჯოშ ჰოლანდს, დირექტორის მოადგილეს, სამართალდამცავი ორგანოების კაპელანს, ერიკ ჰუბარდს და სამართალდამცავი ორგანოების კაპელანთა მენეჯერს, ლეიტენანტ დევიდ რუტლეჯს შეხვდნენ.

დირექტორთა საბჭომ სააგენტოს დელეგაციას გააცნო ორგანიზაციის საქმიანობა, მათი კაპელანების მსახურების სხვადასხვა სფეროები, მათ შორის პოლიციელებთან, შერიფის განყოფილებებთან და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან კაპელანური მსახურების სპეციფიკა. აღინიშნა, რომ ბილი გრემის სახარებისეული გაერთიანება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რელიგიური ორგანიზაციაა, რომლის საქველმოქმედო და კაპელანური მსახურება მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს უბედური შემთხვევებისა და სტიქიური უბედურებების დროს სწრაფი რეაგირების ჯგუფებთან მომუშავე კაპელანების მსახურების სპეციფიკაზე. ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მასშტაბური უბედურებების დროს სულიერი მხარდაჭერის სივრცის შექმნა. კაპელანები ყოველთვის მზად არიან მივიდნენ საჭიროების ადგილზე და ანუგეშონ დაზარალებულები, დაეხმარონ იქ მომუშავე ჯგუფებს სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებაში.

მასპინძლებმა სააგენტოს დელეგაციას დაათვალიერებინეს საკუთარი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მათ შორის, პრაქტიკაში ყველაზე აპრობირებული, საველე პირობებში მომუშავე მხარდაჭერის ცენტრი -  ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების სატვირთო, რომელიც სრულად ავტონომიურია და სტიქიური უბედურების დროს სრულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს, როგორც სწრაფი რეაგირების ჯგუფებისთვის, ისე დაზარალებულებისთვის.

საუბრის დასასრულს, დაიგეგმა ერთობლივი კონფერენციის ჩატარება თბილისში, კაპელანური მსახურების პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით.






View Larger Map