მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ბორჯომში რელიგიის სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ტრენინგი დაიწყო
09.11.2022
1 / 8


ბორჯომში რელიგიის სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ტრენინგი დაიწყო
დღეს, ბორჯომში, სასტუმროში „ბორჯომი ლიკანი“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით, გაიხსნა სამდღიანი ტრენინგი „რელიგიის თავისუფლება და ბავშვის საუკეთესო ინტერესები“, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიისა და საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს წარმომადგენლები. ერთობლივი ტრენინგის მიზანია ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში რელიგიური ლიდერების ცოდნის გაღრმავება და მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა გაეროს ბავშვის უფლებებათა კონვენცია და მისი ოთხი ზოგადი პრინციპი, საქართველოს ბავშვის უფლებათა კოდექსი, ბავშვთა გეგმიურ ვაქცინაცია, COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ბავშვთა მიმართ ძალადობა.
ტრენინგი გახსნეს და შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, დოქტორი ღასან ხალილი რომლებმაც ხაზი გაუსვეს სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში.
ტრენინგის პირველი დღის განხილვის თემებია: ბავშვის უფლებათა კონვენციის შესახებ ცოდნის გაღრმავება და ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპი. შემდეგ გაიმართება ჯგუფური მუშაობა თემაზე - ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპი, დასასრულს კი ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს ამავე თემაზე.
2019 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობამ საქართველოში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. შედგა ორი რელიგიური ორგანიზაციის, საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლების შეხვედრა და სემინარი UNICEF-თან. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით, ასევე, გაიმართა გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საგანგებო კონფერენცია, რომლის მთავარი თემები იყო გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენცია“, საქართველოს „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, ბავშვის უფლებები სხვადასხვა რელიგიაში და რელიგიური ლიდერების როლი მათი დაცვისა და ხელშეწყობის საკითხში.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის ერთობლივი ტრენინგი მუშაობას ხვალაც გაარძელებს. ტრენინგების დასრულების შემდგომ, მის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
 





View Larger Map