დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თანამომხსენებლები - რუმინეთი, სოციალისტების ჯგუფის წარმომადგენელი ტიტუს კორლატეანი და ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის წარმომადგენელი კლოდ კერნი, ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე, ბას კლეინი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ნატალია ვუტოვა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მდივანი, ალექსანდრე რამიშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის საბჭოს სამმართველოს უფროსი, ანა დობორჯგინიძე. სტუმრები დაინტერესდნენ საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკით. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიის სააგენტოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, რელიგიური კონფესიების ჩართულობაზე ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობაში, რელიგიური ორგანიზაციებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ ღონისძიებზე, რელიგიური ნაგებობების გადაცემასთან დაკავშირებულ საკითხებზე და გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტები, მათ შორის, ახალგორის რაიონში. სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს ხელმძღვანელობას სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის.