დღეს, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ - უკვე მესამედ, გაიმართა საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში, რელიგიურ ორგანიზაციებს შორის.
ჩემპიონატში მონაწილეობენ: საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის, საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ასევე, რელიგიის სააგენტოს გუნდები.
ჩემპიონატის მონაწილეებს მიესალმნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის რეგიონალური კომისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე არსენიძე.
ტურნირის გახსნის ცერემონიის შემდეგ, ტრადიციულად, შედგა კენჭისყრა და განსაზღვრა მონაწილეთა შეხვედრების გრაფიკი. საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან თასებითა და დოპლომებით.
ჩემპიონატი გაგრძელდება ხვალ, 16.00 საათიდან, 19.00 საათზე კი შედგება გამარჯვებულთა დაჯილდოება.
ტურნირის ორგანიზატორია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.