მართლმადიდებლური სამყარო გიორგობას აღნიშნავს - დღეს წმინდა დიდმოწამე გიორგი კაბადოკიელის ბორბალზე წამების დღეა. დღესასწაულთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის კახის რაიონში საქართველოს დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია - ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), მღვდელი პეტრე ხუმარაშვილი, მონაზვნები და მგალობლები, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს საკრებულოს და მერიის წარმომადგენლები, საქართველოს საგანგებო და სრულფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები
დელეგაციის წევრები ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარს - ისტორიული ჰერეთის ქართველობის მთავარ რელიგიურ სიწმინდესა და სალოცავს ეწვივნენ და დაესწრნენ პარაკლისს, რომელიც ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ (ჭუაძე) გადაიხადა.
რელიგიის სააგენტოს დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ავთანდილ კვერნაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ნინო ასათიანი, ანალიტიკოსი, გიორგი პატაშური, ფინანსური მენეჯერი, ლელა ჭიპაშვილი, საქმის წარმოების მენეჯერი, მარინე მაზმიშვილი, სააგენტოს თანამშრომელი ვაჟა ართმელაძე.