დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა ინტერრელიგიური სათათბიროს წარმომადგენელთა შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, ალექსანდრ ვინიკოვთან. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელიურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული,სახარების რწმენის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები.
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით ინტერრელიგიური სათათბირო ერთადერთი ფორმატია საქართველოში, რომელიც ყველა რელიგიურ ორგანიზაციას აერთიანებს და მათ სახელმწიფოსთან პირდაპირი დიალოგის საშუალებას აძლევს. მან აღნიშნა, რომ ინტერრელიგიურ სათათბიროსთან შეხვედრის სურვილი ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა გამოთქვა და ხაზი გაუსვა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების სურვილს და რელიგიურ ლიდერთა როლს ამ მიმართებით.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სასულიერო პირების კითხვები ძირითადად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების ვადებსა და პირობებს ეხებოდა. მათი თქმით, ქვეყანამ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი და ახლა ჯერი ევროკავშირსა და ნატოზეა. ალექსანდრ ვინიკოვის თქმით, საქართველო მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს რეფორმების გზაზე და სასურველია, რეფორმების ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდეს, რომ როცა ქვეყნისთვის გეოპოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება, ის მზად აღმოჩნდეს ამისთვის. მან ასევე, ხაზი გაუსვა, რომ გარდა რეფორმებისა, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია მონაწილე ქვეყნების პოლიტიკურ ნებაზე.
შეხვედრაზე რელიგიურმა ლიდერებმა გაიხსენეს მათი ვიზიტი ნატოს შტაბ-ბინაში და შეხვედრები ნატოს წარმომადგენლებთან. გაიჟღერა იდეამ - კვლავ შედგეს ვიზიტი ბრიუსელში, მხოლოდ უფრო გაფართოებული შემადგენლობით.
შეხვედრის დასასრულს, ინტერრელიგიური სათათბიროს წევრებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს საინტერესო შეხედრისთვის.