დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უდიდეს დღესასწაულს, ქრისტეშობას აღნიშნავს, დღესასწაულთა დღესასწაულს, როცა ბეთლემის პატარა გამოქვაბულში მხსნელი - მაცხოვარი იშვა და კაცობრიობის ისტორიაში ათვლის ახალ წერტილს დაუდო სათავე.
ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგია გაიმართა, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე უძღვებოდა. საშობაო ლიტურგიას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, თეა ახვლედიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი, სანდრო შეყილაძე და სხვები.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის დღესასწაულს გილოცავთ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, მშვიდობას, ერთობას და წარმატებებს გისურვებთ.