27 დეკემბერს სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა „ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე კლუბის სტატუსით რიცხულ შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის“ პირველი სხდომა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში აკაკი მაჭუტაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშაძე, დასავლეთ საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე, დასავლეთ საქართველოს სამუფთოს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსი მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის ზარზმის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძე; კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წარმოადგენდნენ: გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი, სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორი იოსებ ნაგლაძე და სააგენტოს აღნუსხვა-დოკუმენტირების სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე.
სხდომის მონაწილეებმა პუნქტობრივად განიხილეს და მხარი ერთხმად დაუჭირეს კომისიის დებულებას; განიხილეს წინასამუშაო ჯგუფში შემოსული წერილები და წინადადებები, კერძოდ: საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივა კომისიაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობის თაობაზე. კომისიამ ჩათვალა, რომ სახალხო დამცველის მაქსიმალური პირადი ჩართულობა მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება სადავო საკითხის გადაწყვეტას და წერილობით შესთავაზა საქართველოს სახალხო დამცველს კომისიის მუშაობაში პიროვნულად, სრულუფლებიანი წევრის სტატუსით ჩართვა. კომისიამ განიხილა ადიგენის რაიონის სოფელ მოხეს მართლმადიდებელი თემის წერილი, სადაც ისინი სადავო ნაგებობის მუსლიმთა თემისთვის გადაცემის წინააღმდეგ გამოდიან. საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათი მოვალეობაა დაამშვიდონ თავიანთი მრევლი, რომ სადავო საკითხი მაქსიმალურად მშვიდ და კეთილგანწყობილ ვითარებაში, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს.
იმის მიუხედავად, რომ კომისიაში მართლმადიდებელი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები პარიტეტულ საწყისებზე უნდა მონაწილეობდნენ, საპატრიარქოს წარმომადგენლები დაეთანხმნენ დასავლეთ საქართველოს სამუფთოს წარმომადგენელთა თხოვნას, კომისიაში ახალი წევრის, მუსლიმთა სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ოთარ ნადირაძის დამატების თაობაზე. ამჯერად, კომისიაში მუსლიმთა თემის 4 და მართლმადიდებელთა თემის 3 წარმომადგენელია. კომისიის წევრებმა მოისმინეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაცია ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ. შემდგომი სხდომის გამართვა 9 თებერვლისთვის დაიგეგმა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 