დღეს, ქუთაისის აკაკი წერეთელის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციტიავით, მოეწყო ტრენინგი სასულიერო პირთათვის, რომელშიც მართლმადიდებელი ეკლესიიდან: ქუთაის-გაენათის, ჭიათურისა და საჩხერის, ხონისა და სამტრედიის, ტყიბულისა და თერჯოლის, ვანისა და ბაღდათის ეპარქიების სასულიერო პირები, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი(ხაჩიძე) ქუთაისის სასულიერო აკადემიის პრორექტორი, ასევე კათოლიკური ეკლესიის, საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის და სახარების რწმენის ეკლესიის სასულიერო პირები იღებდნენ მონაწილეობას.
ტრენინგს ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის რექტორი - გიორგი ღავთაძე, რექტორის მოადგილე - შალვა კირთაძე და რექტორის აპარატის უფროსი - როლანდი კოპალიანი.
სემინარი გახსნა და სტუმრებს სიტყვით მიესალმა სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.
ტრენინგს თემაზე: „სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა“ - უძღვებოდა სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ვალერიან ლილუაშვილი, ხოლო ტრენინგი - „რელიგიის თავისუფლება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით“ - გამართა სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დავით დავითაშვილმა.
ტრენინგების ძირითადი თემები რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული ეროვნული კანონმდებლობა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკა გახლდათ, კერძოდ: ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიური ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე, გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული დოკმენტების, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობის შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, სადაც რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ერთხმად აღინიშნა ინტერ-რელიგიური ფორმატისა და რელიგიის სააგენტოს ჩართულობის აუცილებლობა არსებული საკითხების მოგვარებისათვის.
ტრენინგი 2018-20 წწ. ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ქ. ქუთაისში, ორ ეტაპად იმართება და მასში რეგიონში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები და სტუდენტები მონაწილეობენ. სამომავლოდ, სემინარები ეტაპობრივად მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. მისი მიზანია რელიგიის თავისუფლების და ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების მიმართულებით რელიგიური გაერთიანების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება, ასევე, რელიგიური შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის კულტურის გაძლიერებაა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
