მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტო სოციალურ პროექტს განაგრძობს
25.01.2023
1 / 7


დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს უსინათლოთა კავშირისა და  თბილისის  -უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

სტუმრებს მიესალმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე. თავმჯდომარის თქმით, რელიგიის სააგენტო მეექვსე წელია, ახორციელებს სოციალურ პროექტს „უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად“, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ბეჭდავს ინტერრელიგიურ კალენდრებს და საჩუქრად გადასცემს საქართველოს უსინათლოთა კავშირსა და თბილისის უსინათლოთა და მხედველობა დაქვეითებულთა    202-ე საჯარო სკოლას. უსინათლოთა კავშირის წევრთა სურვილის გათვალისწინებით კი, 2020 წლიდან, სააგენტო ბრაილის შრიფტით გამოსცემს ბიბლიის წიგნებს. ძველი აღთქმის ოთხი წიგნი  „დაბადება“, „წიგნი გამოსვლათა“, „წიგნი ლევიტელთა“ მათ საჩუქრად უკვე გადაეცათ. დღეს კი, ინტერრელიგიურ კალენდართან ერთად, უსინათლოთა კავშირის წევრებს გადაეცემათ ბიბლიის მეოთხე წიგნი - „წიგნი რიცხვთა“.

ზაზა ვაშაყმაძემ სააგენტოს ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა. 2023  წლიდან იწყება ახალი, რიგით მესამე სოციალური პროექტი „ტაძრებში ხატებთან განთავსებული ლოცვები ბრაილის შრიფტით“,  რომლის მიზანიცაა დაეხმაროს შშმ  პირებს, კერძოდ უსინათლოებსა და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეებს, ტაძრებში ხატების ქვეშ განთავსებული ლოცვებისა და ტროპარ-კონდაკების   წაკითხვასა და აღქმაში.  პროექტის ფარგლებში   პირველ  ეტაპზე ბრაილის შრიფტით ლოცვები და ტროპარ-კონდაკები განთავსდება თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში. პროექტის დაწყებისთანავე  უსინათლოთა  კავშირის წევრებს გადაეცემათ  იმ ლოცვებისა და ტროპარ-კონდაკების სია, რომლის წაკითხვასაც ისინი შეძლებენ  ბრაილის შრიფტით  სამების საკათედრო ტაძარში.

სტუმრებს მიმართა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ. კომიტეტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა რელიგიის სააგენტოს სოციალური აქტივობა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი მუდმივ კომუნიკაციაშია მოსახლეობის ყველა ფენასთან, მათ შორის, შშმ პირებთან და მუდმივად ითვალისწინებს მათ საჭიროებებს.

საქართველოს უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარემ, სოფიკო ხუციშვილმა, მადლობა გადაუხადა სააგენტოს და სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი გამოთქვა.






View Larger Map