რელიგიის სააგენტომ 2020-2022 წლების ანგარიში წარადგინა
დღეს, სასტუმრო „ბილტმორში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2020-2022 წლების ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ: რელიგიური ორგანიზაციების - საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, საქართველოს ებრაელთა კავშირის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, სახარების რწმენის, თბილისის საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიის, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
სტუმრებს ანგარიში წარუდგინა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სადაც ირღვევა ეროვნებით ქართველების და აღმსარებლობით მართლმადიდებლების რელიგიის, გამოხატვის, თავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, ნადგურდება, თვითნებურად იერ-სახე ეცვლება ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესია-მონასტრებს.
სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებასა და სააგენტოს აქტივობებზე „ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში. ასევე, ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, „საბჭოთა პერიოდში საქართველოში რეპრესირებული სასულიერო პირები“, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად გამართულ კონფერენციასა -„საქართველოს რელიგიები ბავშვთა უფლებების დასაცავად“ და სემინარებზე „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“, აქტივობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც ბრაილის შრიფტით გამოიცა ინტერრელიგიური კალენდარი და „ბიბლიის“ 4 კანონიკური წიგნი - „დაბადება“, „წიგნი გამოსვლათა“, „წიგნი ლევიტელთა“ და „წიგნი რიცხვთა“. რომლის ოდენობაც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნილებას, „ინტერრელიგიური სათათბიროს“ საქმიანობაზე, სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური ორგანიზაციებისთვის გაწეულ ფინანსურ და სხვა სახის დახმარებაზე, პუბლიკაციებზე - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ და სხვა.
შეკრებილთ სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, არლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ და აფხაზეთის ა.რ. იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ.
რელიგიის სააგენტოს საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის, სახელმწიფოსა და რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთობების მოწესრიგების, ქვეყანაში ტოლერანტული რელიგიური გარემოს ჩამოყალიბების საქმეში.