თბილისის ზღვასთან, დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმა დღეს დაახლოებით 1000 ძირი იფანი დარგეს.
გამწვანების აქცია, რომელიც სახელწოდებით - "დარგე, გაიხარე და გაახარე" გაიმართა, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული. მასში სხვადასხვა კონფესიის დაახლოებით 50-ზე მეტი წარმომადგენელი, კერძოდ, მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაული, მუსლიმური თემის, კათოლიკური ეკლესიის, პროტესტანტული, ევანგელისტური, ლუთერანული და სხვა ეკლესიების, ასევე რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქციაში მონაწილეობას იღებდა ასევე დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, პატრიარქის მიერ დაფუძნებული ფონდი "გაამწვანე საქართველოს" ხელმძღვანელი გიორგი სვანიძე.
თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ ადგილზე წინასწარ იყო ამოჭრილი ორმოები, რომელშიც იფნის ნერგები დაირგო.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, აქციაში მონაწილეობის სურვილი საქართველოში რეგისტრირებულმა ყველა კონფესიის წარმომადგენელმა გამოხატა. ამ აქციას, მისივე თქმით, სისტემატიური ხასიათი ექნება და ყოველ გაზაფხულზე მეტი ჩართულობით, უფრო მეტი რაოდენობის ხე დაირგვება.
ზაზა ვაშაყმაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელს შეუწყობს კონფესიების წარმომადგენელთა დაახლოებას და თბილისის გამწვანებას.
თავის მხრივ, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ რელიგიის სააგენტოს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად ჩაერთო გამწვანების აქციაში.
"კარგია, რომ ყველანი ერთად ვერთვებით ამ ღონისძიებებში და მაქსიმალური ჩართულობით შეგვიძლია ის აუცილებელი პროგრამა შევასრულოთ, რასაც ჩვენი ქალაქის გამწვანების პროგრამა ჰქვია. ინტერესი არის საკმაოდ დიდი. ყოველდღიურად სხვადასხვა სასწავლებლები, კერძო კომპანიები ერთვებიან ჩვენი გამწვანების აქციაში, რაც კიდევ ერთხელ, ხაზს უსვამს, რომ ეს არის აუცილებლად გასაკეთებელი ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 