მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს დელეგაცია ეუთო-ს ვარშავის კონფერენციაში მონაწილეობს
29.09.2022
1 / 3


26 სექტემბერს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, გაიხსნა „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფრენცია“, რომელიც ეუთო-ს მოქმედი პოლონეთის თავმჯდომარეობის ორგანიზებითა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით ტარდება. კონფერენცია ათ დღეს იმუშავებს და შეეხება ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ეუთოს ფარგლებში ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები.

კონფერენცია შექმნის პლატფორმას ეუთო-ს ადამიანური განზომილებების შესახებ ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად და მონაწილეებს შესთავაზებს შეხვედრების სივრცეს იმ საკითხების წინ წამოსაწევად, რომლებზეც მათ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების გამახვილება აუცილებლად მიაჩნიათ. პლენარული სესიების დროს მონაწილეებს საშუალება ექნებათ შეეხონ ეუთო-ს ადამიანური განზომილების ყველა ვალდებულებას: დემოკრატიულ ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობას, ტოლერანტობას და არა-დისკრიმინაციულობას, ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და ჰუმანიტარულ საკითხებს.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ეუთო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, პარტნიორები, ეუთო-ს ინსტიტუციებისა და აღმასრულებელი სტრუქტურების, სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა შესაბამისი გამოცდილების მქონე პირები 57 ქვეყნიდან.

            დღევანდელი პლენარული  სესიის თემაა ფუნდამენტური თავისუფლებები, რაც გულისხმობს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება, ადამიანის უფლებათა დამცველები და გადაადგილების თავისუფლება.

            სესიის მუშაობაში მონაწილეობს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით.

დღევანდელ სესიას სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა, დავით დავითაშვილმა. მან ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკაზე, შეეხო რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებსა და აქტივობებს და აღნიშნა: „საქართველოში რეგისტრირებული ორგანიზაციები თანამშრომლობენ ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში და ერთად წყვეტენ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის - საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებთან უშუალო შეხვედრების გზით. ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატი უნიკალურია, რადგან პირველად  მოხდა დომინანტი ეკლესიის, ისტორიული თუ მცირერიცხოვანი რელიგიური ორგანიზაციების ერთად თანამშრომლობა. ყოველწლიურად იმართება კონფერენცია „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“, რომელიც სხვადასხვა აქტუალურ თემებს - რელიგიურ ტოლერანტობას, ქალთა უფლებებს, ბავშვთა უფლებებს, ტერორიზმის საფრთხეებს ეძღვნება. მის საქმიანობაში რელიგიური ორგნიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა ტრადიციულ კულტურულ ტრადიციებსა და ფასეულობებს ემყარება. საქართველოს ისტორიული ფუნქცია მისია ცივილიზაციათა, რელიგიათა, კულტურათა დიალოგის რეჟიმში არსებობაა, რადგან ინტენსიური დიალოგისა და ურთიერთგაგების გარეშე ვერ ვუპასუხებთ ეპოქის მთავარ გამოწვევას: გავხადოთ სამყარო უფრო ჰუმანური, დაცული და სამართლიანი“.

კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ღონისძიება, სადაც სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე დეტალურად ისაუბრებს ოკუპაციის მავნე შედეგებზე, მათ შორის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სისტემურ დარღვევებზე და ოკუპირებული კულტურულ-რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლების სავალალო მდგომარეობაზე.

 

 

 






View Larger Map