მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე აზერბაიჯანის მთავრობის ვიცე-პრემიერს შეხვდა
28.08.2021
1 / 5


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გრძელდება. სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე,  თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ალი აჰმადოვს შეხვდნენ.

ვიცე-პრემიერმა გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. „აზერბაიჯანი და საქართველო დიდი ხანია, მჭიდროდ თანამშრომლობენ პოლიტიკის, ეკონომიკის, სხვა სფეროებში. საქართველოს გავლით აზერბაიჯანის მდიდარი რესურსების ევროპის ტერიტორიაზე გატანა შემთხვევითი არ არის, ეს ორ ქვეყანას შორის არსებული ნდობის გამოხატულებაა“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. ალი აჰმადოვმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მრავალკონფესიური, ტოლერანტული  ქვეყნებია. აზერბაიჯანი საქართველოს სახელმწიფოს მადლიერია, ვინაიდან  საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ მათ აქტიური თანაცხოვრება ჰქონდეთ ქართველებთან. ყოველივე ეს კი ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის გამოხატულებაა.

რელიგიის სააგენტოს თვმჯდომარემ აზერბაიჯანის მთავრობის ვიცე-პრემიერს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა და მიდგომები რელიგიის სფეროში. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა იმ დახმარებაზე, რასაც მუსლიმი თემი სახელმწიფოსგან იღებს, მათ შორის - ყოველწლიური დაფინანსება საბჭოთა პერიოდში მიყენებული მატერიალური და მორალური ზარალის საკომპენსაციოდ, მეჩეთების გადაცემის პროცესი, ყოველწლიური იფთარი, რომელიც სახელმწიფოს უმაღლესი ხელისუფალის სახელით იმართება, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროექტი „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“, რომელიც მუსლიმი თემის მაქსიმალურ ინტეგრირებას უწყობს ხელს.

            აზერბაიჯანის მთავრობის ვიცე-პრემიერმა კმაყოფილებით აღნიშნა სახელმწიფო ენის პროექტი, რომელიც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს დაეხმარება სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის მიღებაში. „მიმაჩნია, რომ თქვენი ვიზიტი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის  რელიგიის სფეროში ურთიერთობების განვითარებას, არამედ სხვა რიგ საკითხებსაც“ - განაცხადა შეხვედრის დასასრულს ვიცე-პრემიერმა აჰმადოვმა.






View Larger Map