საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, ინტერ-რელიგიური სათათბიროს საქმიანობა, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის პროცესი - ასეთი იყო დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძესა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, დიმიტრიოს კარაბალისს შორის გამართული საუბრის ძირითადი თემატიკა.
ელჩი კარაბალისი დაინტერესდა საქართველოში რელიგიური პოლიტიკისა და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობით. განსაკუთრებით - საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტებით.
ელჩმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სააგენტოს საქმიანობას და ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.