მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ დარღვევებზე ისაუბრა
30.09.2022
1 / 5


 

პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გრძელდება „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფრენცია“, რომელიც ეუთო-ს მოქმედი პოლონეთის თავმჯდომარეობის ორგანიზებითა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მხარდაჭერით იმართება.

კონფერენციის დღევანდელი სესია ეძღვნება თემას „ტოლერანტობა და არა-დისკრიმინაციულობა“ - რასიზმის, ქსენოფობიის დისკრიმინაციისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის რელიგიისა და რწმენის საფუძველზე.

            სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაციამ, სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით.

            კონფერენციის ფორმატი ითვალისწინებს გვერდითი ღონისძიებებს, რომლის თემა უნდა ემთხვეოდეს იმ დღეს მიმდინარე პლენარული სესიის თემას, რაც საშუალებას აძლევს მონაწილეებს, ეუთოს ადამიანური განზომილების ვალდებულებებიდან გამოყონ რომელიმე სპეციფიკური საკითხი და ფოკუსირება მოახდინონ მასზე. დღევანდელი სესიის გვერდით ღონისძიებაზე მონაწილეებს მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ. მან დარბაზში შეკრებილთ მოუთხრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ეროვნებით ქართველების და აღმსარებლობით მართლმადიდებლების სიცოცხლის, რელიგიის, გამოხატვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, თავისუფლად გადაადგილების უფლების დარღვევის, მოსახლეობის დაშინებისა და რელიგიური სიწმინდეების შებილწვის ფაქტებზე.

სააგენტოს თავმჯდომარემ, შესაბამისი ვიზუალური მასალის დემონსტრირების ფონზე, შეკრებილთ წარუდგინა კონკრეტული ფაქტები, თუ როგორ ანადგურებს ოკუპანტი რუსეთის სახელმწიფო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რელიგიურ ნაგებობებს და როგორ ცდილობს ქართული კვალის წაშლას: „ოკუპირებულ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, 151 საკულტო დანიშნულების ნაგებობაა შემორჩენილი. ამჟამად მხოლოდ 89 მათგანზე მოგვეპოვება გარკვეული ცნობები - მათი დიდი ნაწილი სრულად დანგრეულია ან მძიმე მდგომარეობაშია. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში აღნუსხულია 555 სალოცავი. ამ ეტაპზე, ინფორმაცია (ფოტოსურათების სახით) 267 ნაგებობის თაობაზე მოგვეპოვება. მათი დიდ ნაწილი განადგურებულია ან განადგურება ემუქრება.  გრძელდება რუსული ეკლესიის მხრიდან საეკლესიო (კანონიკური) საზღვრების დარღვევის ფაქტები. საქართველოს საპატრიარქოს პროტესტის მიუხედავად, რუსეთის ეკლესიის წევრი სასულიერო პირები ქართულ ტაძრებში ეწევიან მღვდელმსახურებას, და ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთის საპატრიარქო სიტყვიერად აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში“.  

            შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ მონაწილეებს საჩუქრად გადასცა რელიგიის სააგენტოს პუბლიკაცია „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, რომელშიც ერთადაა თავმოყრილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საკულტო ნაგებობები. „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ კიდევ ერთი მცდელობაა, ჩვენი ხმა გავაგონოთ ცივილიზებულ სამყაროს, რათა განადგურებისგან დავიცვათ ქართული კულტურის უძველესი ძეგლები, ჩვენი მართლმადიდებლური, იუდაური, კათოლიკური, სომხური, ლუთერული სალოცავები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებისთვის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციებთან კავშირის დამადასტურებელი კულტურული მემკვიდრეობის  ნაწილია“- განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.

           

 

 

 






View Larger Map