რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მესამე სხდომა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობდა. ცენტრის სამუშაო ჯგუფმა განიხილა რამდენიმე საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება „სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ შექმნის შესახებ, მცირეოდენი შენიშვნებით დაამტკიცა ცენტრის დებულება, ცენტრის მმართველი ორგანოს - საკოორდინაციო საბჭოს შემადგენლობა და აირჩია მდივანი. ამასთან ერთად, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა ცენტრის სამუშაო მიმართულებები და სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რელიგიის სფეროს კვლევითსა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობაში.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრა შემდეგი სამუშაო მიმართულებები:
1. რელიგიის სფეროს სამართლებრივი რეგულირება;
2. კონსტიტუციური შეთანხმება, განვლილი პერიოდის შედეგები, პრობლემები, ანალიზი;
3 . საქართველოში არსებული ტრადიციული და ახალი რელიგიებისა და რელიგიური მიმდინარეობების ისტორია და სოციოლოგია;
4. რელიგიური კონფლიქტების პრევენცია და ინტერრელიგიური კომუნიკაცია;
5. საქართველოში არსებული საკულტო ნაგებობები და რელიგიური რუკა;
6. საქართველოს თანამედროვე რელიგიური პოლიტიკა და რელიგიურ ორგანიზაციებთან სახელმწიფოს თანამშრომლობის ფორმები;
7. რელიგიური განათლება, არსებული მდგომარეობის მიმოხილვა და პერსპექტივები;
საკოორდინაციო საბჭომ შეარჩია თითოეული მიმართულების კოორდინატორი - უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც სამუშაო ჯგუფის საქმიანობას წარმართავს. ორ მიმართულებას - “ საქართველოს თანამედროვე რელიგიური პოლიტიკა და რელიგიურ ორგანიზაციებთან სახელმწიფოს თანამშრომლობის ფორმები“ და „საქართველოში არსებული საკულტო ნაგებობები და რელიგიური რუკა“ , რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უხელმძღვანელებს.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ: სსიპ „აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, სსიპ „ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი“, სსიპ „ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, სსიპ „ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია“, სსიპ „ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, შპს „ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი“, შპს „ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი“, შპს „გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტერტი“.
სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მომდევნო სხდომა მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
