მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გამოსვლა ეუთო-ს „ვარშავის ადამიანური განზომილების კონფრენციაზე“
29.09.2022
1 / 1


რელიგიის თავისუფლება, წარმოადგენს იმ ფუნდამენტურ უფლებას, რომელზედაც დგას სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფო. აღნიშნულ უფლებას უდიდესი წვლილი შეაქვს დემოკრატიული პლურალიზმის დამკვიდრებაში, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია საზოგადოებრივი მშვიდობა და ჰარმონია.

კაცობრიობის ისტორია ათასწლეულების განმავლობაში რელიგიური შეუწყნარებლობითა და დევნით იყო გაჯერებული. თვით დასავლეთშიც რელიგიური უფლებები ძალზე გვიან და მტკივნეული გზის გავლის შედეგად აღმოცენდა იმ ტრადიციიდან, რომელიც გაცილებით იოლად აღიარებდა სხვა ტიპის უფლებებს. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში რელიგიის თავისუფლება ადამიანის უფლებების ნაწილად იქნა გაცხადებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მრავალ დოკუმენტში და თითქმის ყველა ძირითადმა რელიგიამ ამ იდეალის მხარდაჭერა გამოხატა.

საქართველო ისტორიულად მულტიკულტურული და მულტირელიგიური ქვეყანაა, რამაც განაპირობა საქართველოს ისტორიული ტოლერანტობა, სწორედ ეს  მულტიკულტურული     და     მულტირელიგიური     გარემო, რომლის განსაკუთრებული მახასიათებელია რელიგიური მრავალფეროვნება, არის ქართული საზოგადოების ფასდაუდებელი  სიმდიდრე.  

ამ სიმდიდრის გაფრთხილება, შენარჩუნება და მშვიდობიანი თანაცხოვრების წესის თანამედროვე პრაქტიკად ქცევა წარმოადგენს სახელმწიფოს მნიშვნელოვან გამოწვევას, რათა რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც უფლებრივი სიკეთე, მრავალფეროვან რელიგიურ გარემოში დაცული იყოს.

საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, სადაც  ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად IV საუკუნის პირველ ნახევარში გამოცხადდა.  მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, ანუ 85% მდე მართლმადიდებელი ქრისტიანია; მეორე რელიგია გახლავთ ისლამი, მოსახლეობის 10 %-ზე მეტი; მესამე რაოდენობრივად, არის სომხური თემი, დაახლოებით, 3%; დანარჩენი, მცირერიცხოვანი ჯგუფები 1 %-ზე ნაკლებია. ამ მრავალრელიგიურ და მრავალკულტურულ გარემოში, ისტორიული ტოლერანტობისა და თანამედროვე სეკულარული პრინციპების გათვალისწინებით გატარებული რელიგიური პოლიტიკის შედეგად, დღევანდელ საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს პროპორციულად უფრო მეტი საკულტო ნაგებობა აქვთ, ვიდრე უმრავლესობას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ხალხისათვის რელიგიური შემწყნარებლობა, ტოლერანტობა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული ფასეულობაა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და მომავალ თაობებს გადავცეთ. 

ტოლერანტული თანაცხოვრების მსოფლიოში გამოსარჩევი მაგალითია საქართველოში ებრაელი თემის ისტორია, მათ საქართველოში ცხოვრების 26 საუკუნის ისტორია აქვთ, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით რამდენიმე წლის წინ ქართულ-ებრაული ოცდაექვსსაუკუნოვანი ურთიერთობის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და ამავდროულად საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედებს 22 სინაგოგა, რომელთაგან ორი ქართულ-ებრაული კულტურისათვის უმნიშვნელოვანესია, ჩვენ ახლახანს ვიზეიმეთ ახალციხის სინაგოგის 175 და ონის სინაგოგის 120 წლისთავი.

აუცილებლად ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მიუხედავად ასეთი ხანგძლივი თანაცხოვრებისა, საქართველოში არ ყოფილა ანტისემიზმის არც ერთი ფაქტი დაფიქსირებული. მეტიც, ჰოლოკოსტის პერიოდში ქართველები უცხოეთში მფარველობდნენ ებრაელებს და ისინი „ქართველ შინდლერებად“ მოიხსენებიან.

საქართველოს მოსახლეობის 10% მეტი მუსლიმია. ქართული ისლამის უნიკალურობა სუნიტების და შიიტების, სხვადასხვა ეროვნების მუსლიმებს შორის მშვიდობიანი თანაარსებობაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ საქართველოში არსებულ მუსლიმ მრევლს, სუნიტებს და შიიტებს ერთი მუსლიმური ორგანიზაცია აერთიანებს, რაც უადვილებს მათ სახელმწიფოსთან ჰარმონიულ ურთიერთობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, საბჭოთა ათეისტური რეჟიმის დროს შიიტური მეჩეთის დანგრევის შემდეგ, თბილისის სუნიტმა მუსლიმებმა ადგილობრივ შიიტებს საკუთარი მეჩეთი დაუთმეს, დღესაც, როდესაც ორივე მიმდინარეობას თავიანთი მეჩეთები ცალცალკეც აქვთ, სიმბოლურად კვლავ ამ ერთ მეჩეთშიც ლოცულობენ.

ჩვენ ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია გვაქვს კათოლიკურ სამყაროსთან, ქართველმა კათოლიკეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის მშენებლობაში, განსაკუთრებით - კულტურისა და განათლების სფეროში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ჰქონდა პატივი ემასპინძლა რომის ორი პაპისათვის,  1998 და 2016 წლებში, საქართველოს ჯერ იოანე-პავლე მეორე სტუმრობდა და რამდენიმე წლის წინ კი, რომის მოქმედი პაპი - ფრანცისკე. ამ შეხვედრებისას დამყარდა მჭიდრო თანამშრომლობა წმიდა საყდართან სამეცნიერო კვლევების ხელშესაწყობად და საქართველოსა და კათოლიკურ სამყაროს შორის თანამშორმლობის გასამტკიცებლად.

1919 წელს ჩვენთან დარეგისტრირდა მსოფლიოში პირველი ეზიდური ორგანიზაცია - „ეზიდთა ეროვნული საბჭო“ და ასევე, დამოუკიდებელ საქართველოში, 2013 წელს  აიგო პოსტსაბჭოთა სივრცეში ეზიდთა პირველი კულტურის ცენტრი და სალოცავი. ასეთი მაგალითები მრავლადაა.

რელიგიურ მრავალფეროვნებას საქართველოში ამდიდრებს ასევე სხვა შედარებით მცირერიცხოვანი რელიგიები: ბაპტისტები, ლუთერები, პროტესტანტები, სახარების რწმენის ქრისტიანები, კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება და სხვა.

მრავალეთნიკურ და მრავალრელიგიურ გარემოში, ისტორიული გამოცდილებისა და საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების გათვალისწინებით, თანასწორობასა და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წელს შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, რაც რელიგიის თავისუფლების მიმართ ქვეყნის ხელისუფლების დამოკიდებულების აშკარა გამოხატულებაა - სახელმწიფო თავადაა რელიგიის თავისუფლების მთავარი გარანტორი.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, შექმნის დღიდან, აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ევროკავშირისა თუ ევროსაბჭოს კოლეგა უწყებებთან, ასევე სააგენტოს აქტიური ჩართულობით საქართველო არის დამფუძვნებელი წევრი აშშ-ში დაარსებულ საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ალიანსისა (IRFBA - International Religious Freedom or Belief Alliance);  ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოში მოღვაწე რელიგიურ თემთა მჭიდრო თანამშროლობა, სწორედ ამ რელიგიურ თემებთან და გაერთიანებებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდის მიზნით ჩამოყალიბდა მრგვალი მაგიდის ფორმატის ინტერრელიგიური სათათბირო, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ თითქმის ყველა რელიგიურ გაერთიანებას, როგორც რელიგიურ უმცირესობას, ასევე უმრავლესობას, რაც ქმნის სრულ რელიგიურ სპექტრს საქართველოში. სათათბიროს ფორმატში, სახელმწიფოსა და რელიგიებს შორის პირდაპირი კომუნიკაციით განიხილება რელიგიური გაერთიანებების საჭიროებებზე ფოკუსირებული ნებისმიერი ინიციატივა.

ინტერ-რელიგიური ურთიერთობის გაღრმავების და ტოლერანტული გარემოს მხარდაჭერის მიზნით არაერთი პროექტი განხორციელდა ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფარგლებში:

უკვე ტრადიციად იქცა ტოლერანტობის საერთაშორისო დღის - 16 ნოემბრის ერთობლივი აღნიშვნა, როდესაც ერთ-ერთი რელიგიური გაერთიანება მასპინძლობს საქართველოში არსებულ ყველა სხვა რელიგიას.

ყოველწლიურად იმართება ინტერ-რელიგიური კონფერენციები - „ინტერ-რელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“, სადაც ყველა რელიგიას აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა და გამოხატოს საკუთარი აზრი მაღალი ტრიბუნიდან, რამდენადაც, კონფერენციებს ესწრებიან საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, აკადემიური წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და, რა თქმა უნდა, თვითონ რელიგიები. კონფერენციის თემებს ინტერ-რელიგიურ სათათბირო განსაზღვრავს და ეხება საყოველთაოდ აღიარებულ სიკეთეებს - რელიგიურ ტოლერანტობას, ქალთა უფლებებს, ბავშვთა უფლებებს, ტერორიზმის დაგმობას და სხვ. კონფერენციების შემდეგ საქართველოში მოქმედი რელიგიები ხელს აწერენ თემატურ დეკლარაციებს, სადაც თანხმდებიან საერთო ღირებულებებზე.

2014 წლიდან ვბეჭდავთ ინტერრელიგიურ კალენდარს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა კონფესიის რელიგიურ დღესასწაულებს და მიზნად ისახავს განსხვავებულ რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთცნობადობის ამაღლებას და ინტერრელიგიური კულტურის განვითარების ხელშეწყობას.

ამავე მიზნებს ემსახურება ინტერ-რელიგიური პროექტების განხორციელება, მაგალითად: საქართველოს პირველი ჩემპიონატი ჭადრაკში რელიგიურ ორგანიზაციებს შორის; ინტერ-რელიგიური გამოფენა, სადაც ყველა რელიგიურმა გაერთიანებამ საკუთარი რელიგიისა და კულტურისათვის დამახასიათებელი ექსპონატები გამოფინა და დამთვალიერებელს ერთმანეთის გვერდიგვერდ შეეძლო ქართული მულტიკულტურული და მულტირელიგიური  ტრადიციების გაცნობა; ერთობლივი საქველმოქმედო აქციები, სადაც სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები ერთად ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, მათი რელიგიური კუთვნილების მიუხედავად; გამწვანების აქცია, როდესაც ყველა რელიგიური გაერთიანება ერთად ზრუნავს ჯანსაღ გარემოზე და მრევლს მაგალითს აძლევს, რომ საერთო ინტერესების პოვნა გაცილებით მარტივია, ვიდრე რელიგიურ განსხვავებებზე კამათი.

სახელმწიფო, თავის მხრივ, მაღალი სტანდარტების საკანონმდებლო რეგულაციების პარალელურად, ცნობიერების ამაღლების პროქტებით ახალისებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვას და არადისკრიმინაციული გარემოს მხარდაჭერას, რისთვისაც სისტემატიურად ატარებს ტრენინტებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მონაწილე მხარეებისთვის (stakeholder). ამჟამად ძირითადი ფოკუს ჯგუფებია: საჯარო მოხელეები და შსს-ს წარმომადგენლები, სტუდენტები და მასმედიის წარმომადგენლები, და თავად სასულიერო პირები. ამავე მიზნებით რელიგიის სააგენტოს გამოცემული აქვს არაერთი პუბლიკაცია, რომელიც მოიცავს ქართულ ენაზე ნათარგმნ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს“ გადაწყვეტილებებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სახითხებზე, სხვადასხვა ქვეყნების სპეციალურ კანონებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დაცვის შესახებ და სხვ. აგრეთვე აღსანიშნავია სახელმწიფო და რელიგიური გაერთიანებების ურთიერთობის საინტერესო პრაქტიკა - რელიგიური გაერთიანებების სისტემატური შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, შესაბამის კომიტეტებთან.

საქართველოს საბჭოთა ეპოქიდან მძიმე მემკვიდრეობა ერგო. იმ ფსიქოლოგიურმა და მორალურმა ფონმა, რომელიც ათეისტური იდეოლოგიით აწყობილ საზოგადოებაში საბჭოთა დიქტატურამ შექმნა, ბევრწილად აზარალა იმ პერიოდის რელიგიური სპექტრი. მორალურ ზარალს ემატებოდა ის მატერიალური ზარალიც, რომელიც არაერთმა კონფესიამ განიცადა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არც იურიდიულად და არც მორალურად არ გახლავთ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე და საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი ვალდებულების არ გააჩნია, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკუთარი კეთილი ნებით რელიგიურ გაერთიანებებს ნაწილობრივ უნაზღაურებს იმ მატერიალურ და მორალურ ზიანს, რომელიც მათ მიადგათ საბჭოთა რეჟიმის დროს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნიდან დღემდე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა კიდევ ოთხ რელიგიურ მიმდინარეობას – ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომხურ-სამოციქულო აღმსარებლობის რელიგიურ გაერთიანებებს გადაეცათ დაახლოებით 40 მილიონი ლარი, რაც დაახლოებით 15 მილიონი ამერიკული დოლარია. ამასთან ერთად, მუსლიმ თემს დაუბრუნდა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული 228 მეჩეთი, ებრაულ თემს - 22 სინაგოგა, ასევე, ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიას, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას და ლათინ-კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციას დაუბრუნდათ მათი საკულტო ნაგებობები, სასაფლაოები და სხვ.

საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა ტრადიციებსა და ფასეულობებს ემყარება. ჩვენ ახალს არაფერს ვიგონებთ, ვაგრძელეთ იმას, რაც საუკუნეების მანძილზე ხდებოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მყოფ ქვეყანაში, სადაც კარგად აცნობიერებენ, რომ რელიგიური თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური ფასეულობაა, რომელმაც, ერთი მხრივ,   საშუალება მისცა  ჩვენი  ქვეყნის  სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური წარმომავლობის მოსახლეობას, სამშობლოდ აღექვა საქართველო და მეორე მხრივ, უზრუნველეყო სწორედ ამ ქვეყანაში მათი დამოუკიდებელი განვითარება და უნიკალური იდენტობის  გაძლიერება  ქართველ ერთან ასიმილაციის გარეშე. საქართველოს ისტორიული ფუნქცია და მისია ცივილიზაციათა, რელიგიათა, კულტურათა დიალოგის რეჟიმში არსებობაა, რადგან ინტენსიური დიალოგისა და ურთიერთგაგების გარეშე ვერ ვუპასუხებთ ეპოქის მთავარ გამოწვევას: გავხადოთ სამყარო უფრო ჰუმანური, დაცული და სამართლიანი.

 

 

 






View Larger Map