რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, ადამიანის რელიგიური უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამავე დროს წონასწორობაში მოდიოდეს სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესთან. ამის შესახებ ვაშაყმაძემ ჟურნალისტებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.
შეხვედრის მიზანია, ელჩებისა და რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელთა ინფორმირება ახლად დაარსებული სააგენტოს საქმიანობისა და მიზნების შესახებ.
"რამდენიმე ხნის წინ შეიქმნა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო. დღეს დიპკორპუსსა და საქართველოში არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებს წარვუდგენთ ამ სააგენტოსა და იმ გუნდს, რომლებთან ერთადაც ვგეგმავთ მუშაობას. მექნება მოხსენება, სადაც აქცენტი გაკეთდება ადამიანის უფლებებზე, რელიგიურ ორგანიზაციებს, ჯგუფებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების საკითხებზე და ყველა იმ პრობლემაზე, რომელებიც დღეს საქართველოში ამ მიმართულებით არის" - განაცხადა ვაშაყმაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი ტიპის სამსახური იქმნება. სხვა ქვეყნებში, სადაც მსგავსი სტრუქტურა ფუნქციონირებს, რელიგიური პრობლემები მოხსნილია.
"ვფიქრობ, ამ სააგენტოს ამუშავებით ყველა პრობლემა, დაწყებული ადამიანის უფლებების დაცვის საკითხით, დამთავრებული სახელმწიფოსა და სხვადასხვა კონფესიას შორის ურთიერთობით ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდება როგორც ფაქტობრივად, ისე საკანონმდებლო დონეზე. მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული ადამიანის რელიგიური უფლებები, მაგრამ ამავე დროს წონასწორობაში უნდა იყოს სახელმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესთან, არ შეიძლება რომელიმეს ინტერესი დაჩაგროს მეორე პოზიციამ", - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიზანია სახელმწიფოების გამოცდილებათა გაზიარებით ხელი შეუწყოს ქვეყანაში სწორი რელიგიური პოლიტიკის განხორციელებას. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო წარმოადგენს ინსტიტუციას, რომელიც საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრისთვის ახორციელებს საინფორმაციო, სარეკომენდაციო, კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას რელიგიის სფეროში.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
