დღეს, 13 მაისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით გაიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის სასულიერო პირთა დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობს აიათოლა შაჰრისტანი. დელეგაცია საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მოწვევით იმყოფება საქართველოში.
შეხვედრაზე საქართველოს პატრიარქმა ისაუბრა იმ თბილი და მეგობრული ურთიერთობის შესახებ, რომელიც ირანის სასულიერო ლიდერებთან და ამ ქვეყანასთან აკავშირებს. აგრეთვე, მსოფლიოში მშვიდობის დასამკვიდრებლად რელიგიის განსაკუთრებულ როლსა და პასუხისმგებლობაზე, იმ ღირებულებებზე, რომელიც უნდა აერთიანებდეს სხვადასხვა მრწამსის ადამიანებს.
აიათოლა შაჰრისტანმა ხაზი გაუსვა, რომ ამ თვალსაზრისით საქართველო გამორჩეული ქვეყანაა და ის ტრადიცია, რომელიც მან ამ მიმართულებით შექმნა, მსოფლიოსთვის სამაგალითო უნდა გახდეს. ტერორიზმს რელიგია არ აქვს. ის ანგრევს ურთიერთობებს, უდიდესი ზიანისა და ტკივილის მომტანია ყველასთვის, განურჩევლად რელიგიისა. სტუმარმა მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს იმ მხარდაჭერისათვის, რომელიც მან ბელგიაში მომხდარი ტერორისტული აქტის შეფასებისას გამოთქვა. აგრეთვე, იმისათვის, რომ მეგობრობს და თანამშრომლობს საქართველოს მუსლიმებთან. აღნიშნა ისიც, რომ ამ ქვეყანაში მათი უფლებები დაცულია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ და მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
