საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ა/წ 30 მარტს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, თომას მიულმანთან.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა, ისევე როგორც მის წინამორბედთან, წარმატებული იქნება და კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობას.
შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში რელიგიური პოლიტიკის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევებზე.
სააგენტოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ებრაულ თემთან თანაცხოვრების უნიკალურ გამოცდილებაზე და აგრეთვე, ქართული ისლამის ფენომენზე და განსხვავებულ ხასიათზე, რომელიც, მსოფლიოში არსებული დაპირისპირებების ფონზე, შიიტებისა და სუნიტების მშვიდობიანი თანაცხოვრების დადებით გამოცდილებად აღიქმება.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები.
თომას მიულმანმა მოიწონა სააგენტოს მიერ რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და მიმდინარე პროექტები. მან აღნიშნა, რომ რელიგია უმნიშვნელოვანესი და ფაქიზი საკითხია, რადგან მას შეუძლია ადამიანების როგორც გააერთიანება, ასევე გაყოფა. მან აღნიშნა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რელიგიური ორგანიზაციების ერთად თავმოყრა, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე რელიგიური უმცირესობების და დომინანტი რელიგიების ერთ ენაზე ალაპარაკება.
„რელიგია არ უნდა იყოს იზოლირებული, არამედ უნდა იყოს საზოგადოებაში ინტეგრირებული. მიუხედავად იმისა რომ სააგენტო ძალიან ახალგაზრდაა, მას ბევრი საქმე აქვს გაკეთებული და ეს შრომა შეუფასებელია“- აღნიშნა ელჩმა.
შეხვედრის დასასრულს, ელჩი დაპირდა სააგენტოს თავმჯდომარეს, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ის დაეხმარება სააგენტოს, ავსტრიაში მის კოლეგა ორგანიზაციასთან კომუნიკაციის განახლებაში.