დღეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ევროპის ევანგელური ეკლესიების გაერთიანების წარმომადგენელს, დოქტორ შტეფან კოსოარაბას, აღმოსავლეთ ევროპის ევანგელური თეოლოგიის ცენტრის წარმომადგენელს, პასტორ უვე ზაიდნერს, ისტორიკოს ბოგდან მონტეანს და საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ახალ ხელმძღვანელს, დოქტორ როლფ ბარაისს უმასპინძლა. შეხვედრას ესწრებოდნენ ყოფილი ეპისკოპოსი, მარკუს შოხი, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათს ატარებდა. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გააცნო სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები, კერძოდ: რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის მექანიზმი; რელიგიური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატში, ჩვენს ქვეყანაში რელიგიის თავისუფლების კუთხით მიმდინარე პროცესები და რელიგიის სააგენტოს აქტივობა ამ თვალსაზრისით. სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანთა რელიგიური უფლებების დარღვევის ფაქტებს. თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით, ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრებს დაუბრკოლებლად კვეთენ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლები, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებსა და მრევლს ეზღუდებათ ეს შესაძლებლობა.
სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს ხელმძღვანელს საინტერესო ინფორმაციის მიწოდებისთვის. დოქტორმა როლფ ბარაისმა გამოთქვა მზაობა, უფრო აქტიურად ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და რელიგიის სააგენტოსთან, რაც საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „რელიგიები საქართველოში“ და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ გადასცა.
შეხვედრის დასასრულს, ყოფილი ეპისკოპოსი მარკუს შოხი რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელს დაემშვიდობა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა.