დღეს 27 აპრილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.
სააგენტოს თავმჯდომარემ ნატალია ვუტოვას მოკლედ გააცნო რელიგიის სააგენტოს ფუნქციები, ამოცანები, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ტრენინგები და აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობასა და ყოველწლიურ, ტრადიციულ კონფერენციებს „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“.
სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა ებრაულ თემთან თანაცხოვრების უნიკალურ გამოცდილებაზე და აგრეთვე, ქართული ისლამის ფენომენზე, მის განსხვავებულ ხასიათზე და მსოფლიოში არსებული დაპირისპირებების ფონზე, შიიტებისა და სუნიტების მშვიდობიანი თანაცხოვრების გამოცდილებაზე.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები.
სტუმარმა მოიწონა სააგენტოს მიერ რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და მიმდინარე პროექტები. მან აღნიშნა რომ რელიგიის სააგენტოს პუბლიკაციაში „რელიგიის თავისუფლება საქართველოსა და საერთაშორისო კანონმდებლობით“ თავმოყრილია რელიგიის თავისუფლებისა და ანტიდისკრიმინაციის ყველა საკითხი, რაც ევროპის საბჭოსთვის მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით ევროპის საბჭო ახორციელებს პროექტს „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“, რომლის ფარგლებში იგეგმება რელიგიის სააგენტოს ჩართულობა. პროექტი გულისხმობს საკანონმდებლო, შესაძლებლობების განვითარებას და ცნობიერების ამაღლებას, რათა უზრუნველყოფილი იყოს მრავალფეროვნება და ყველას მიერ საკუთარი უფლებებით თავისუფლად სარგებლობის შესაძლებლობა.