დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა გამართა ირანის ისლამური სემინარიის რექტორის მოადგილე და ექსტრემიზმთან ბრძოლის კონგრესის მდივანთან, მოჰამად ჰოსეინ ზამანისთან. შეხვედრას სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, იურიდიული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ავთანდილ კვერნაძე, ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე, პროტოკოლის მენეჯერი, ნათია გუდაძე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სეიდ ჯავად კევამ შაჰიდი, ირანის საელჩოს კულტურის ატაშე, დავიდ ზარე, ექსტრემიზმთან ბრძოლის კონგრესის თავმჯდომარის მოადგილე საერთაშორისო საკითხებში, მოჰამადრეზა ხოშრო, ირანის წინამძღოლის ექსპერტთა საბჭოს ყოფილი წევრი, ესჰაყ მადანი, ჰამიდ მოსტაფავი და მიჰამადრეზა შალბაფი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის შესახებ, ისაუბრა მუსლიმი თემის დაფინანსებისა და მეჩეთების გადაცემის საკითხებზე, საუბარი ასევე შეეხო რელიგიის სააგენტოს განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას, ყოველწლიურ კონფერენციებსა და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებს.
მოჰამად ჰოსეინ ზამანიმ მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს ინფორმაციისათვის, მან დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფოს მიერ მუსლიმი თემის დაფინანსებისა და მეჩეთების გადაცემის მექანიზმები, პოზიტიურად შეფასდა ის ფაქტი, რომ მუსლიმებს, თავისუფლად შეუძლიათ აღასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება საპატიმროებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში.
სტუმრის განცხადებით ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამდივნო მუდმივად ატარებს უამრავ კონფერენციებს და შეხვედრებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მონაწილეობით, მისი განცხადებით, საქართველოს სახელმწიფოს ჩართულობა და გამოცდილების გაზიარება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრის დასასრულს ირანულმა მხარემ ორმხირივი ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, გამოთქვა ინიციატივა ერთობლივი ქრისტიანულ-ისლამური კონფერენციის ჩატარების, ექსტრემიზმთან ბრძოლის მიმართულებით, როგორც ქართველი ისე ირანელი მეცნიერებისა და ექსპერტების გაცვლის, ორმხრივი, ქართულ-ირანული ენების შესმწავლელი კურსებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტის შესახებ ირანში.