2014 წლის 25 ივნისს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარის - ზაზა ვაშაყმაძის შეხვედრა საქართველოს ბაპტისტური ეკლესიის წინამძღვართან მერაბ გაფრინდაშვილთან და ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნარსია და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი.
შეხვედრაზე სტუმრებმა აღნიშნეს, რომ სააგენტოს შექმნით საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა რელიგიის სფეროში დაგროვილი პრობლემების მოსაგვარებლად. განიხილეს აგრეთვე საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების საკითხი და კმაყოფილება გამოთქვეს სახელმწიფოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
სააგენტოს თავმჯდომარემ აცნობა სტუმრებს, რომ რელიგიური ორგანიზაციებისა და ამ დარგის სპეციალისტთა ჩართულობით იგეგმება რელიგიისა და ექსპერტთა საბჭოების შექმნა, რომლებიც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხების წამოწევასა და გადაწყვეტას.
რელიგიურ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა კი კი საშუალებას მისცემს სააგენტოს სწორი რეკომენდაციები მოამზადოს მთავრობისა და პარლამენტისათვის.
მალხაზ სონღულაშვილმა სააგენტოს წარმომადგენლებს შესთავაზა ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა - გაზიარება და კიდევ ერთხელ გამოხატა სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 