დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელს. ჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული კონტიგენტის მეთაურ ჯირი როუსსა და ამავე ჯგუფის დამკვირვებელ იანა კუხმონენს შეხვდა. ჯირი როუსმა სააგენტოს ხელმძღვანელს მოუთხრო ცხინვალის ზონაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირების შესახებ და იმ რელიგიური ხასიათის პრობლემებზე (ლოცვის უფლების განხორციელებისას ხელის შეშლა), რასაც დევნილები ოფისის წარმომადგენლებთან საუბრისას ასახელებენ.
სტუმრები დაინტერესდნენ სააგენტოს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტებით. სააგენტოს თავმჯდომარემ ევროკავშირის წარმომადგენლებს მოუთხრო სახელმწიფოს მხრიდან რელიგიური თემების დაფინანსების, საკულტო ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების გადაცემის თაობაზე; ასევე, მიაწოდა ინფორმაცია სააგენტოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმის ფარგლებში, გამგეობებისა და მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეებისთვის გამართული ტრენინგის - „რელიგიური ტოლერანტობა და სეკულარიზმი“ თაობაზე და აღნიშნა, რომ ამჯერად, ანალოგიური სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტარდება. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმრებს გადასცა სააგენტოს მიერ გამოცემული რელიგიური კალენდარი, საქართველოს რელიგიური რუკა და სერიით - „რელიგია და სამართალი“ დაბეჭდილი ლიტერატურა. შეხვედრის ბოლოს, გამოითქვა სააგენტოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის, მემორანდუმის ფარგლებში, უფრო მჭიდრო ურთიერთობების სურვილი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 