დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის (ARD) რადიოს კორესპონდენტს - მარკუს სამბალესა და საინფორმაციო სააგენტოს (dpa) ჟურნალისტს - თომას კორბელს შეხვდა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ საქართველოში არსებული რელიგიური თემების მრავალფეროვნებითა და მათი თავისუფლების საკითხებით; იმ პოლიტიკით, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ სფეროში ახორციელებს. განიხილეს სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისა და საბჭოთა პერიოდში რელიგიური თემებისათვის ჩამორთმეული საკულტო შენობა-ნაგებობების დაბრუნების საკითხები. ზაზა ვაშაყმაძემ ჟურნალისტებს გააცნო სააგენტოსთან არსებული ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობა. საუბარი ასევე შეეხო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“.
გერმანელმა ჟურნალისტებმა და სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრეს რომის პაპის მოახლოებულ ვიზიტზე საქართველოში. ზაზა ვაშაყმაძემ, აღნიშნა რომ საქართველო მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა, სხვადასხვა რელიგიური თემის მშვიდობიანი თანაცხოვრება ჩვენთან ისტორიული ტრადიციით არის განპირობებული, ჩვენი ქვეყანა სიამოვნებით უმასპინძლებს პონთიფიკოსს ფრანცისკეს საქართველოში.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 