დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და ირანის ისლამის კულტურისა და რელიგიათა ურთიერთობების სახელმწიფო სამსახურის პრეზიდენტ დოქტორ აბუზარ ებრაჰიმს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - სეიდ კავამ შაჰიდი. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო საქართველოში არსებული რელიგიური პოლიტიკა და სახელმწიფოს მიერ რელიგიის ხელშეწყობისა და განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტები, კერძოდ, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების მექანიზმი და განმარტა, რომ იგი ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციას ემსახურება. სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა ინტერრელიგიური სათათბიროს შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს რელიგიათა შორის და ასევე, რელიგიათა და სახელმწიფოს შორის დიალოგის არსებობას. ზაზა ვაშაყმაძე მუსლიმი თემის მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობს ისლამის უნიკალური მოდელი - მუსლიმი თემი ეთნიკურად მრავალფეროვანია, სუნიტური და შიიტური ნაწილები კი ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ეს მდგომარება საქართველოს სახელმწიფოს მონაპოვარია და მსოფლიო რელიგიური დაპირისპირებებისა და კონფლიქტების ფონზე - მისაბაძიც. ზაზა ვაშაყმაძემ, ასევე, ისაუბრა მუსლიმი თემის, როგორც საქართველოში რიცხობრივად მეორე კონფესიის, დაფინანსებასა და მისთვის მეჩეთების გადაცემის საკითხზეც - სახელმწიფო აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას და დღეს მუსლიმ თემს 160 მეჩეთი აქვს უკვე გადაცემული.
დოქტორ აბუზარ ებრაჰიმის განცხადებით, საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება არ არსებობს. საქართველო სწორად მიხვდა, რომ აუცილებელია რელიგიები არ იყვნენ შეზღუდულნი და არსებობდეს დიალოგი. ამიტომაც ის დღეს მაგალითს იძლევა მთელი მსოფლიოსთვის. სტუმარმა, ასევე, ისაუბრა მსოფლიოში რელიგიური ნიშნით შექმნილ დაძაბულობაზე და კონფლიქტებზე, იმ ძალზე მძიმე ფაქტებზე, როცა ბოროტება ღმერთის სახელით ხდება - „ეს არასწორად გაგებული რელიგიური სწავლებისა და აღზრდის ბრალია“ -აღნიშნა მან. ამ ფონზე საქართველოში არსებული ვითარება მართლაც, მისაბაძია.
აბუზარ ებრაჰიმმა ზაზა ვაშაყმაძე მიიწვია ირანში არსებული დიალოგის ცენტრის ღონისძიებაზე - ირანში ყოველწლიურად იმართება „დიალოგი რელიგიათა შორის“, რომელშიც 35 ქვეყნის რელიგიური ორგანიზაციები იღებენ მონაწილეობას. შეხვედრის დასასრულს, სტუმარმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მასპინძლობისათვის და საჩუქრად გადასცა წიგნი, რომელშიც შესულია მასალები „რელიგიათა შორის დიალოგის“ შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს საჩუქრად გადასცა წიგნი - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ - კონფერენციის მასალები.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 