ირანში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ვიზიტის ფარგლებში, სააგენტოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ქალაქ თეირანში ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაციის ხელმძღვანელთან, აბუზარ იბრაჰიმ თურქმანთან.
იბრაჰიმ თურქმანმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს ვიზიტისათვის და მიაწოდა ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის, რელიგიური კვლევებისა და სხვადასხვა ქვეყნებში - ირანის კულტურის კვირეულების შესახებ - როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორგანიზაციას წარმომადგენლობა 85 ქვეყანაში აქვს. აბუზარ იბრაჰიმ თურქმანიმ გამოთქვა საქართველოში ირანული კულტურის კვირეულის გამართვის სურვილი.
ზაზა ვაშაყმაძემ მასპინძელს მოუთხრო რელიგიის სააგენტოს შექმნისა და საქმიანობის შესახებ, ისაუბრა საქართველოს მუსლიმი თემის დემოგრაფიულ და ეთნიკურ მახასიათებლებზე და სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ. მისი განცხადებით, რელიგიის სააგენტოს მჭიდრო ურთიერთობა აქვს საქართველოში ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაციის წარმომადგენლობასთან.
იბრაჰიმ თურქმანმა ისაუბრა ისლამის სწორი სწავლების აუცილებლობისა და ამ კუთხით რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. მისი განცხადებით, პოსტ საბჭოთა ქვეყნებს შორის რელიგიური თავისუფლების ხელშეწყობის საქმეში საქართველო ყველაზე წინ არის. მან, ასევე, გამოითქვა რელიგიის სააგენტოსა და ისლამური კულტურისა და ურთიერთობების ორგანიზაციას შორის ორმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების სურვილი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 