საქართველოში 2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რეუვენ რივლინი თბილისის დიდ სინაგოგას ეწვია და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელში პაატა კალანდაძე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შაფთაი ცური და თბილისის დიდი სინაგოგის გამგეობის თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი.
ისრაელის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს და ისაუბრა ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი, ისტორიული მეგობრობის შესახებ. პრეზიდენტმა აღნიშნა ქართველ ებრაელთა უმნიშვნელოვანესი წვლილი ებრაული კულტურის პროპაგანდასა და საგანმანათლებლო საქმიანობაში. რეუვენ რუვლინმა გაიხსენა 18 ქართველი ებრაელის მიერ გაეროში გაგზავნილი წერილი, სადაც ისინი სამშობლოში დაბრუნების უფლებას ითხოვდნენ; 70-იანი წლების ალია საქართველოდან, რომელმაც, თავის მხრივ დასაბამი მისცა დიდ ალიას - „რკინის ფარდის“ გარღვევას ყოფილი სსრკ-ს ყველა რეგიონიდან.
სიტყვის ბოლოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულებას ებრაელი ხალხის მიმართ და აღნიშნა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სადაც ანტისემიტურ განწყობებს არ უარსებია. რაც შეეხება ვიზიტს საქართველოში- პრეზიდენტის განცხადებით, ის კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ერს შორის მეგობრულ და საქმიან ურთიერთობას მომავალში.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 