მთავრობის კანცელარიაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს მუსლიმი თემის წარმომადგენლებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, შიიტი სასულიერო ლიდერები - სრულიად საქართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო კრების (შურა) წევრები ფაიგ ნაბიევი, აზიზ ნაბიევი, რასიმ მამედოვი, ნამიკ გუსეინოვი და ფირდოს კასუნოვი.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს სააგენტოს მხრიდან მუსლიმი თემისთვის საკულტო ნაგებობების (მეჩეთების) გადაცემისა და ფინანსური დახმარების საკითხები. სრულიად საქართველოს შეიხმა და კრების წევრებმა მადლობა გადაუხადეს სააგენტოს თავჯდომარეს და აღნიშნეს, რომ მიესალმებიან სახელმწიფოსგან გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებს მუსლიმი თემის განვითარების საქმეში.
შეიხმა რამინ იგიდოვმა ისაუბრა ამგვარი შეხვედრების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს უდავო დამსახურებაა სახელმწიფოსა და მუსლიმ თემს შორის ასეთი მაღალი დონის კომუნიკაცია. შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა „ინტერრელიგიურ სათათბიროში“ აქტიური ჩართულობის სურვილი გამოთქვეს ერთი მხრივ, მუსლიმი თემისა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობისა და მეორე მხრივ, რელიგიათა შორის დიალოგის მიმართულებით.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 