დღეს, 11 აპრილს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ თურქეთის შიიტთა სულიერ ლიდერს, შეიხ სელაჰეთთინ ოზგუნდუსს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფის იმამ ჯუმასა და ევროპის სწავლულ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარეს მუჰამედ მუჯაჰიდს უმასპინძლა. შეხვედრას საქარველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი იასინ ალიევი ესწრებოდნენ.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარებს გააცნო სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტები, კერძოდ, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების მექანიზმი და განმარტა, რომ იგი ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის კომპენსაციას ემსახურება. სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე, ისაუბრა ინტერრელიგიური სათათბიროს შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს რელიგიათა შორის და ასევე, რელიგიათა და სახელმწიფოს შორის დიალოგს. საქართველოში არსებობს ისლამის უნიკალური მოდელი, სადაც მუსლიმი თემი ეთნიკურად მრავალფეროვანია, სუნიტური და შიიტური ნაწილები კი ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ზაზა ვაშაყმაძე შეეხო ქართულ ისტორიულ ტრადიეციებს, მათ შორის, რელიგიურ ტრადიციებს და სტუმრებს დაწვრილებით მოუყვა ქართული სინამდვილის ის ნაწილი, როცა დედაქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში ერთმანეთის გვერდით, საუკუნეების განმავლობაში ამაყად დგას მართლმადიდებლური, იუდაური და ისლამური სალოცავები. ეს საქართველოს სახელმწიფოს მონაპოვარია და მსოფლიო რელიგიური დაპირისპირებებისა და კონფლიქტების ფონზე - მისაბაძიც. მუსლიმი თემი საქართველოში რიცხობრივად მეორე კონფესიაა, იგი სახელმწიფოსგან შესაბამის დაფინანსებას იღებს და ასევე, გრძელდება მისთვის მეჩეთების გადაცემის პროცესიც - დღეს მუსლიმ თემს უკვე 160 მეჩეთი აქვს გადაცემული - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.
შეიხმა სელაჰეთთინ ოზგუნდუსმა შიიტი მუსულმანების სახელით, რომლებიც თურქეთის მთლიანი მოსახლეობის ერთ მესამედს წარმოადგენენ, მადლობა გადაუხადა სააგენტოს მასპინძლობისთვის: საქართველოს სახელმწიფო და კერძოდ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მნიშვნელოვან როლს თამაშობს მუსლიმი თემის ინტეგრირების პროცესში, რელიგიებთან დამოკიდებულების კუთხით საქართველო სანიმუშო ქვეყანაა. დიუსელდორფის იმამმა ჯუმამ და ევროპის სწავლულ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ მუჰამედ მუჯაჰიდმა კი ხაზი გაუსვა, რომ რელიგიებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნებმა საქართველოსგან მაგალითი უნდა აიღონ. მან გამოთქვა სურვილი, რომ რელიგიის სააგენტომ მისი ორგანიზაციის მიერ რელიგიის თავისუფლების თემაზე დაგეგმილ კონფერენციებში მიიღოს მონაწილეობა.
დასასრულს სააგენტოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს ღია და გულთბილი დიალოგისათვის და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჩვენი ხალხების მიერ საუკუნეების განმავლობაში დაგროვილ პოზიტიურ გამოცდილებას, რომელიც კვლავ უნდა გაგრძელდეს და უფრო გამდიდრდეს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 