დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და ვატიკანის ელჩის, ჟოზე აველინო ბეტანკურის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ: საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანში წმინდა საყდრის სადესპანოს მდივანი, მიხაიტა ბლაჟი და სააგენტოს წარმომადგენლები: ნინო ჭავჭავაძე და სერგო ფარულავა.
შეხვედრაზე ვატიკანის ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ვატიკანი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და განსაკუთრებულ პატივს სცემს ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, აქტიურად თანამშრომლობს ქართულ სახელმწიფოსთან.
ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა ქართველი კათოლიკეების მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფოს აღმშენებლობასა და ქართულ კულტურაში. მან, საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა ვატიკანსა და პირადად რომის პაპს, ფრანცისკეს, საქართველოს მხარდაჭერის, არ აღიარების პოლიტიკისათვის და აღნიშნა, რომ ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან ვატიკანსა და რომის პაპს დიდი ავტორიტეტი აქვთ როგორც პოლიტიკურ წრეებში, ისე - რიგით მოქალაქეებშიც. სააგენტოს თავმჯდომარემ გაიხსენა სააგენტოს თანამშრომელთა 2014 წლის ვიზიტი რომში, შეხვედრა პაპ ფრანცისკესთან და ორ მნიშვნელოვან მოღვაწესთან: ინტერრელიგიური დიალოგის პონტიფიკალური საბჭოს ხელმძღვანელ, კარდინალ ჟან ლუი ტორანთან და საკანონმდებლო ტექსტების პონტიფიკალური საბჭოს მდივან, ეპისკოპოს ხუან იგნასიო არიეტასთან.
ვატიკანის ახალ ელჩს გააცნეს კათოლიკური ეკლესიის მხარდასაჭერად გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები: 2014 წლიდან დღემდე, საბჭოთა რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით, სახელმწიფომ კათოლიკურ თემს გადასცა 2 მლნ. 300. 000 ლარი. სააგენტოს უშუალო ჩარევით, მოიხსნა რუსთავში მშენებარე კათოლიკურ ეკლესიასთან დაკავშირებული ყველა სადაო საკითხი, ტაძარი აშენდა და სახელმწიფო ემზადება მისი საზეიმო გახსნისათვის.
ვატიკანის ელჩმა წამოაყენა წინადადება ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ჩატარების თაობაზე. ზაზა ვაშაყმაძემ დაადასტურა თანამშრომლობის დიდი სურვილი და მხარდაჭერა აღუთქვა ვატიკანის ელჩს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 