აშშ-ში სამუშაო ვიზიტით მყოფი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს დელეგაცია - სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური, სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებებს შეხვდა.
შეხვედრები შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის მმართველ ეპისკოპოსთან - საბა ინწკირველთან და ნიუ-იორკის ქართულ სამრევლოსთან. ასევე, ამერიკის ქართველ ებრაელთა ორგანიზაციასთან, მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესიასთან და იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციასთან.
საუბარი შეეხო რელიგიის თავისუფლების მდგომარეობას აშშ-ში და რელიგიური თემების საქმიანობის ძირითად მიმართულებებს. ეპისკოპოსმა საბამ დელეგაციის წევრებს გააცნო აშშ-ში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამრევლოების მდგომარეობა და ეპარქიის წინაშე მდგარი გამოწვევები. ქართველ ებრაელთა ორგანიზაციასთან შეხვედრაზე მასპინძლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს ქართველ ებრაელთა დიასპორის დაფუძნების ისტორია და თანამედროვე მდგომარეობა. მეშვიდე დღის ქრისტიან ადვენტისტთა ეკლესიასა და იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციებში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს დელეგაცია გაეცნო მათ საერთაშორისო საქმიანობას და კავშირს საქართველოს ცენტრებთან.
შეხვედრების დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 