დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობას, გაცხადებას და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს.
თბილისის სურბ გევორქის ტაძარში შეკრებილ მრევლს უდიდესი დღესასწაული რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებმა მიულოცეს. სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარმა ღირსმა მამა არქიმანდრიტმა კირაკოს დავითიანმა აღავლინა საშობაო სადღესასწაულო წირვა. წელსაც, ტრადიციისამებრ, სადღესასწაულო მსახურება შედგა, გაიმართა წყალკურთხევა და შესრულდა ჯვრის წყალში შთაფვლის მსახურება.
მსახურებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები. სააგენტოს თავმჯდომარემ სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ კირაკოს დავითიანს, სასულიერო დასსა და მრევლს დღესასწაული მიულოცა, წარმატებები და წინსვლა უსურვა მათ.