მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
ტოლერანტობის დღე ბაპტისტური ეკლესიების კავშირში
16.11.2020
1 / 13


დღეს, 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა საქართველოს რელიგიური ორგანიზაციებისთვის ღონისძიება გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, ებრაელთა კავშირის, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, საქართველოს საერთაშორისო ბაპტისტური ეკლესიების წარმომადგენლები.

შეკრებილ სტუმრებს მიესალმა და ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის თავმჯდომარემ, გია კანდელაკმა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, ხაზი გაუსვა იმ განსაკუთრებულ გარემოს, საქართველოში განსხვავებული რელიგიების მიმართ რომ ჩამოყალიბდა და აღნიშნა, რომ პანდემიური ვითარების მიუხედავად, დღევანდელი დღე, თავისი არსით, უაღრესად მნიშვნელოვანია. მისი თქმით, სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა კვლავაც ამ მიმართულებით გააქტიურდება, რაც მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების საფუძველია.

გამომსვლელებმა, სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებმა, ისაუბრეს საქართველოში ტრადიციულად ჩამოყალიბებულ შემწყნარებლურ გარემოზე და აღნიშნეს რელიგიის სააგენტოს როლი რელიგიურ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 1995 წლიდან, UNESCO-ს ინიციატივით აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგების ატმოსფეროს დამკვიდრებაა.

ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დაამკვიდრა ტრადიცია, რომლის თანახმადაც, საქართველოში არსებული ერთ-ერთი რელიგიური თემი სხვა რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებსა და მრევლს მასპინძლობს.

2016 წლის 16 ნოემბერს, რელიგიურ თემებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მასპინძლობდა, 2017 წელს - ქართველ ებრაელთა თემი, 2018 წელს ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრაცია, 2019 წელს კი საქართველოს მუსლიმთა თემი.






View Larger Map