8 მარტს, 15 საათზე, ღვინის აღმართისა და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიასთან არსებულ „ტოლერანტობის სკვერში“ შედგა საქართველოს რელიგიურ გაერთიანებათა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი დეკლარაციის „ქალი- მშვიდობის დესპანი“ ხელმოწერა.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, სახელმწიფო კანცელარიაში შედგა რამდენიმე შეხვედრა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენელთა ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. საგნობრივი მსჯელობისა და აზრთა ურთიერთგაზიარების შემდგომ, შეკრებილებმა შეიმუშავეს დეკლარაციის ტექსტი, რომლის ხელმოწერაც შედგა 8 მარტს.
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ დოგმატური განსხვავებულობის მიუხედავად, ყველა რელიგიური გაერთიანებისათვის მიუღებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის ნებისმიერი ფორმა. კერძოდ: „ხელმომწერი რელიგიური გაერთიანებები სახელმწიფოსთან ერთად, საკუთარი შეხედულებითა და რელიგიურ დოქტრინათა შესაბამისად მხარს დაუჭერენ ქალთა უფლებების აღიარებასა და დაცვას; გმობდნენ და კვლავაც დაგმობენ ქალთა მიმართ განხორციელებული ადამიანის ღირსების შემლახველი ძალადობის, ჩაგვრისა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ყოველგვარ ფორმას; შეუქმნიან ყველა საჭირო პირობას და განსაკუთრებით იზრუნებენ სოციალურად დაუცველ ქალებზე, ორსულ ქალებზე, მრავალშვილიან დედებზე, მოხუცთა თავშესაფრების ბინადარ და სამედიცინო დაწესებულებებში მყოფ ქალებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ და პრობაციონერ ქალებზე; საკუთარ მრევლში და საზოგადოებაში წაახალისებენ ადამიანის ღირსების აღიარებისა და სოლიდარობის სულისკვეთებას; საკუთარი რელიგიურ-ზნეობრივ სწავლებათა გათვალისწინებით, ხელს შეუწყობენ კანონის წინაშე ქალისა და მამაკაცის თანასწორობას“.
დეკლარაციას ხელს მოაწერეს: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო (სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე); საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო (შეიხი რამინ იგიდოვი; ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია (ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო); სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია (ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი); საქართველოს ებრაელთა კავშირი (რაბინი რახამინ მურდუხაშვილი); ეზიდთა სასულიერო საბჭო საქართველოში (საბჭოს თავმჯდომარე დიმიტრი ფირბარი; საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია (ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი); საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია (მთავარეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი); საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია (უფროსი პასტორი გიორგი ჩიტაძე); საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია (ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი); მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია (მღვდელმსახური ბორის ჭარაია); სულიერ ქრისტიან-მოლოკანთა თემი (სვეტლანა აპრიამოვა).
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
