რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე თურქეთის რესპუბლიკის რელიგიის საქმეთა სამმართველოს თავმჯდომარეს, პროფესორ ალი ერბაშს შეხვდა.
ალი ერბაშმა აღნიშნა, რომ რელიგიის საქმეთა სამმართველო (დიანეთი) თურქეთის რესპუბლიკასთან ერთად შეიქმნა, შესაბამისად, წელს სამმართველოს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავენ. ერბაშმა ხაზი გაუსვა დიანეთის პროგრესს განათლების სფეროში და აღნიშნა, რომ გასულ წელს დააარსეს რელიგიური აკადემია. მასპინძელმა, ქართული მხარის დაინტერესების შემთხვევაში, გამოთქვა მზაობა, საქართველოსთან ისლამური რელიგიური განათლების საკითხებზე თანამშრომლობის დაწყების თაობაზე.
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა რელიგიის სფეროში არსებულ მიღწევებზე და საქართველოს რელიგიური პოლიტიკის განვითარების მიმართულებებზე. მან ხაზი გაუსვა ქართული ისლამის ფენომენს და სახელმწიფოს მხარდაჭერას საქართველოს მუსლიმი თემის დამოუკიდებლობისა და განვითარებისადმი. ზაზა ვაშაყმაძემ, ასევე, ისაუბრა რელიგიური უმცირესობების, მათ შორის, მუსლიმების უფლებების დაცვის, ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის, საკულტო ნაგებობებთან შეუფერხებელი წვდომის საკითხებზე.
საუბრის დასასრულს, მასპინძელმა 2012 წელს საქართველოში სტუმრობა გაიხსენა, თუმცა, არა დიანეთის თავმჯდომარის რანგში და გამოხატა საქართველოში კვლავ ჩამოსვლის სურვილი. სააგენტოს თავმჯდომარემ გამოთქვა მზაობა, უმასპინძლოს თურქ კოლეგას.
მხარეებმა, ქართულ-თურქული კეთილმეზობლობის, სტრატეგიული პარტნიორობისა და პირველი პირების დონეზე თანამშრომლობის კვალდაკვალ, დასახეს რელიგიის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი.