დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს, ზაზა ვაშაყმაძეს ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ვესელინ ვალკანოვი ეწვია.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიზნები და ამოცანები, რელიგიის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტები და ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებული აქტივობები, საქართველოში შიიტი და სუნიტი მუსლიმების ჰარმონიული თანაცხოვრების, კერძოდ, ერთ მეჩეთში ლოცვის პრეცედენტი, რამაც სტუმრის ინტერესი გამოიწვია. ზაზა ვაშაყმაძე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რის საპასუხოდაც ელჩმა განაცხადა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დანახული სინამდვილე, რომელიც მან საკუთარი თვალით იხილა, გაცილებით მძიმეა.
ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მადლობა გადაუხადა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარეს მიღებისა და საინტერესო ინფორმაციისთვის და სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. ელჩის განცხადებით, რელიგიური ჯგუფებს შორის ინტეგრაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და მის მისაღწევად გამართლებული ფორმაა ტრენინგები და სხვა ის ღონისძიებები, რომლებსაც რელიგიის სააგენტო ატარებს. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, რელიგიის სააგენტოს ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოსთან ტრადიციულად, კარგი და საქმიანი ურთიერთიობები აკავშირებს.
შეხვედრის დასასრულს, სააგენტოს თავმჯდომარემ ბულგარეთის ელჩს საჩუქრად რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „რელიგიები საქართველოში“ და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები“ გადასცა.