პრაღაში გრძელდება რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის კონფერენცია „რელიგიისა და რწმენის თავისუფლება, როგორც მდგრადობისა და რელიგიური ჩართულობის წყარო“.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მონაწილეობა მიიღო ევრაზიის პანელში, რომლის მოდერატორი აშშ-ს არაკომერციული ორგანიზაციის- „გიყვარდეს შენი სამეზობლო თემი“ (LYNC) https://lyncommunity.org/ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ვეიდ კუსაკი იყო. მოდერატორის ძირითად ინტერესს წარმოადგენდა: პოსტსაბჭოთა წარსულის გავლენა რელიგიის თავისუფლებაზე; რელიგიური თავისუფლება და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები თანამედროვე საქართველოში; საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გავლენა რელიგიის თავისუფლებაზე და რელიგიური კანონმდებლობა.
ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიურ რეპრესიებზე საბჭოთა საქართველოში, რელიგიის თავისუფლებაზე თანამედროვე საქართველოში როგორც ფუნდამენტურ ფასეულობაზე, ინტერრელიგიურ დიალოგზე, როგორც რელიგიათა შორის ურთიერთობის ფორმატზე რელიგიურ ორგანიზაციებს შორის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობასა და საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც ითხოვს რელიგიის კანონის შემუშავებას.
გამოსვლის შემდეგ გაიმართა ინტერაქტიური დიალოგი. პანელის ერთ-ერთმა მონაწილემ ზაზა ვაშაყმაძეს დაუსვა კითხვა -ვინ უფრო დიდი ავტორიტეტია ქვეყნებში, სასულიერო თუ საერო პირები? ზაზა ვაშაყმაძემ უპასუხა, რომ საქართველო უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, რომელმაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოაცხადა, მეხუთე საუკუნეში კი საქარველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა. რაც შეეხება ავტორიტეტებს - საქართველოში ჩატარებულმა არაერთმა სოციოლოგიურმა კვლევა დაადასტურა, რომ ყველაზე მაღალი ავტორიტეტით სასულიერო პირებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სარგებლობს, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურებს შორის უდიდესი ავტორიტეტი აქვს საქართველოს ჯარს.
ევრაზიის პანელი ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში გაიმართა. სამინისტროს ფოიეში, რელიგიის სააგენტოს ბანერთან განთავსებულმა პუბლიკაციამ „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია. რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები და ჟურნალისტები ეცნობოდნენ ფოტომასალას, რომელიც ნათელ წარმოდგენას ქმნის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
