დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, მსოფლიოში ცნობილ ბრიტანელ მისიონერს, რეჟისორსა და დოკუმენტალისტს, თეოლოგიის დოქტორს, დევიდ გორდონ ჰეთევეის შეხვდა, რომელიც საქართველოში პოპულარულია ფილმებით - „ევროპის მოტაცება” და „ვის ეკუთვნის იერუსალიმი?!”. ბრიტანელი მისიონერი თბილისში საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის მოწვევით იმყოფება. შეხვედრას ესწრებოდა სახარების რწმენის ეკლესიის პასტორი, გურამ იმერლიშვილი.
რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მოუთხრო რელიგიის სააგენტოს საქმიანობის შესახებ. სტუმრის ინტერესი გამოიწვია ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობამ. ზაზა ვაშაყმაძის თქმით, საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა, სადაც ერთმანეთის გვერდით მეგობრულად ცხოვრობენ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები. დევიდ ჰეთევეიმ მადლობა გადაუხადა სააგენტოს თავმჯდომარეს მიწოდებული ინფორმაციისთვის და გამოთქვა სააგენტოსთან ურთიერთობის სურვილი.
ბრიტანელმა პასტორმა პირველმა იმოგზაურა ბრიტანეთიდან ახლად შექმნილ ისრაელში, რკინის ფარდის მიღმა დარჩენილი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გავლით, რის შემდგომაც სამოგზაურო კომპანია ჩამოაყალიბა და თავად გადაჰყავდა პილიგრიმები წმინდა მიწაზე. კომუნისტური რეჟიმის ქვეყნებში ქრისტიანთა ჩაგვრის საპასუხოდ, მას კონტრაბანდულად, ათასობით ეგზემპლარი სასულიერო ლიტერატურა გადაჰქონდა ადრესატი ქვეყანების მშობლიურ ენებზე. ამისთვის რამდენჯერმე დააკავეს, თავისუფლების აღკვეთაც მიუსაჯეს, იბრძოდა რელიგიური ლიდერების საპატიმროდან დასახსნელად. ინტენსიურად ქადაგებდა სახარებას ყოფილი სოციალისტური ბანაკის, სსრკ-ს დიდსა და პატარა ქალაქებში, ათ სასაათო სარტყელში, რუსეთში, ბელორუსიაში, უკრაინაში, მოლდოვაში, ბულგარეთში, ყაზახეთში, შემდეგ ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, სომხეთსა და საქართველოში. ჰეთუვეის მრავალ სასწაულს მიაწერენ და ამბობენმ რომ მრავალი ადამიანის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
იგი დღესაც მოღვაწეობს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, ევროპასა და ბრიტანეთში, მეთვალყურეობს პროექტს, რომელიც სულიერად და მატერიალურად ეხმარება ისრაელში მცხოვრებ რუსულენოვან ებრაელებს. მას „ლეგენდასა" და „რწმენის გიგანტას" უწოდებენ. 1995 წლიდან ჰეთევეი გამოსცემს ჟურნალს „წინასწარმეტყველური ხედვა" რომელიც 4 ენაზე (ინგლისური, რუსული, გერმანული და დანიური) გამოიცემა.