დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ შერაზ გასრის შეხვდა.
ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის ძირითადი აქცენტები, მოუთხრო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ამოცანების, განხორციელებული პროექტებისა და სხვა აქტივობების შესახებ. მან განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება ქვეყანაში არსებულ ტოლერანტულ გარემოზე და სააგენტოს საქმიანობაზე ამ თვალსაზრისით. ზაზა ვაშაყმაძემ იმედი გამოთქვა, რომ ინტენსიური ურთიერთობები, რაც საფრანგეთის საელჩოსთან რელიგიის სააგენტოს დაარსებიდანვე ჩამოყალიბდა, კვლავაც გაგრძელდება.
სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებით აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება. მათ განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები. თავმჯდომარემ ელჩს გადასცა რელიგიის სააგენტოს გამოცემა „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, რომელიც ნათლად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაციას.
შერაზ გასრი აღფრთოვანებული დარჩა სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის შედეგებით და აღნიშნა, რომ ფრანგული მხარისთვის საინტერესო იქნება საქართველოს გამოცდილების გაზიარება. შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის, ამომწურავი ინფორმაციისთვის და განაცხადა, რომ ურთიერთობები რელიგიის სააგენტოსთან გაგრძელდება.