დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე ირანელ პოლიტიკოსს, ირანის პარლამენტის წევრს, ქალბატონ ზოჰრე ელაჰიანს შეხვდა. ზოჰრე ელაჰიანი პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის პრეზიდიუმის, პარლამენტის ქალთა ფრაქციის წევრია, თავმჯდომარეობს პარლამენტის არასამთავრობო ორგანიზაციების ფრაქციასა და ადამიანის უფლებათა კომიტეტს.
შეხვედრის დასაწყისში, სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს მოკლედ მოუთხრო რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, მისი ძირითადი ფუნქციებისა და ამოცანების თაობაზე. ასევე, ისაუბრა საქართველოს სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის შესახებ და იმ ტრადიციულად, ტოლერაანატულ ურთიერთობებზე, რომელიც საქართველოში არსებულ რელიგიურ კონფესიებს შორის ჩამოყალიბდა. ზაზა ვაშაყმაძემ განსაკუთრებით გამოჰყო ურთიერთობა მუსლიმ თემთან. მისი თქმით, მუსლიმი თემისთვის გადაცემული 220-ზე მეტი მეჩეთი, მათთვის სახელმწიფოს მხრიდან საბჭოთა რეჟიმის მხრიდან მატერიალური და მორალური ზარალის საკომპენსაციოდ გამოყოფილი თანხები მუსლიმ თემზე სახელმწიფოს ზრუნვის კიდევ ერთი დასტურია.
სტუმარმა მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვედრისთვის და აღნიშნა, რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მიიღო და მისთვის სასარგებლო იქნება ქართული გამოცდილების გაზიარება. მან სააგენტოს თავმჯდომარე ირანში მიიწვია და აღუთქვა შეხვედრები ეროვულ უმცირესობებთან, პარლამენტის წევრებთან და მეგობრობის ჯგუფთან. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.