დღეს, 27 ივნისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის წარმომადგენლის, ეპისკოპოს მიხეილ ხანჩალიანის შეხვედრა.
შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და კონფესიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. აღინიშნა, რომ წინა ხელისუფლებებისაგან განსხვავებით საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რელიგიის სააგენტოს შექმნის თაობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სფეროში არსებული პრობლემების გამჭვირვალედ და ეფექტურად გადაჭრას.
სტუმარმა სააგენტოს ხელმძღვანელს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ დიდი იყო სააგენტოს შექმნის მოლოდინი. ამასთან ერთად გააცნო საქართველოში სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატის საქმიანობა. აღინიშნა, რომ ორგანიზაცია საქართველოშია რეგისტრირებული, აქვს ხუთი სამრევლო, ეკლესია დოქტრინალურად კათოლიკური ეკლესიის ნაწილად მოიაზრება, განსხვავება მხოლოდ ტრადიციაშია, აქვს აღმოსავლური ტრადიცია და ლათინური ეკლესიისაგან განსხვავდება ლიტურგიის პრაქტიკით. აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატი საქართველოში მე-18 საუკუნიდან არსებობს, დღეისათვის საქართველოს სხვადასხვა სოფელში 17 მოქმედი ეკლესიაა 20-25 ათასი მრევლით. აღნიშნულ ეკლესიას რაიმე მნიშვნელოვანი გადაკვეთა სომხურ ეკლესიასთან არ აქვს.
ზაზა ვაშაყმაძემ სთხოვა სტუმარს არსებული პრობლემები წერილობით წარმოადგინოს სააგენტოში და გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 