24 ოქტომბერს, 12 საათზე, სასტუმრო „ბილტმორში“, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ გამართა მეოთხე კონფერენცია - „ინტერრელიგიური დიალოგი მშვიდობისათვის“ – „რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე“.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოში არსებული რელიგიური ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის და მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა ევროატლანტიკური ორგანიზაციების როლს დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიზაციისა და ეკონომიკური განვითარების პროცესში: „თემაზე - რატომაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ევროპულ ოჯახთან მაქსიმალური დაახლოება - თითქმის, აღარავინ დავობს. ევროპასთან ურთიერთობა, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან კავშირი საქართველოსთვის მაქსიმალურ დაცვას, კულტურულ ევროპასთან კავშირს, ადამიანის უფლებების დაცვასა და ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს. დღევანდელი კონფერენცია. კონფერენციის მიზანია: მხარი დავუჭიროთ 2008 წელს, სხვადასხვა ეთნიკური კუთვნილებისა და რელიგიური აღმსარებლობის მოქალაქეთა უმრავლესობით მიღწეულ, პლებისციტით გაცხადებულ ისტორიულ არჩევანს - ევრო-ატლანტიკურ კურსსა და ევროინტეგრაციის პროცესს; გამოვხატოთ უპირობო მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; დავგმოთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვის ყველა გამოვლინება, ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებისა და სიცოცხლის მოსპობის, ეთნიკურ-ისტორიული კვალის წაშლის მიზნით საკულტო ნაგებობების უხეში გადაკეთების, დახურვის ან განადგურების ყველა ფაქტი; მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ეროვნული ტრადიციების, ოჯახისა და რწმენის ფუნდამენტური საკითხებისა და ღირებულებების შენარჩუნებითა და მოფრთხილებით; რადგან საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის ისტორიული წევრისა და გამორჩეული ტოლერანტობის ტრადიციების მქონე ქვეყნის როლი მნიშვნელოვანია ევროპის თანამეგობრობისათვის ,ისევე, როგორც ევროპული ქვეყნების მიღწევები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში-ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.
კულტურული, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების ქართული გამოცდილება, ვფიქრობთ, საყურადღებო და გასათვალისწინებელია, რადგან ნებისმიერ კონფლიქტს, ეთნიკური იქნება ის, რელიგიური თუ კულტურული, მხოლოდ კანონით, მხოლოდ ძალთა დაშორიშორებით, თუნდაც, ომით, ვერ გადაწყვეტ. კონფლიქტის საბოლოო აღმოფხვრის ერთადერთი გზა - შემწყნარებლობა, ურთიერთგაგება და თანხმობაა.“ - განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.
კონფერენციის მონაწილე რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას (ტექსტი თან ერთვის).
დ ე კ ლ ა რ ა ც ი ა
რელიგიები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
ჩვენ, საქართველოში მოქმედი რელიგიები,
ვაცნობიერებთ რა, საქართველოს ისტორიულ მისწრაფებას ევროპული ოჯახისა და კულტურის მიმართ,
ვეყრდნობით რა, პლებისციტით გამოხატულ ქართული საზოგადოების ნებას,
ვითვალისწინებთ რა, რელიგიების მნიშვნელობას და როლს საზოგადოებრივი ცნობიერებისა და ცხოვრების ფორმირებაში,
ვთანხმდებით შემდეგზე:
- მხარს ვუჭერთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას;
- მიგვაჩნია, რომ საქართველოს, როგორც ძველი ევროპის კულტურული ოჯახის ისტორიული წევრისა და გამორჩეული ტოლერანტობის ტრადიციის მქონე ქვეყნის როლი მნიშვნელოვანია თანამედროვე ევროპის თანამეგობრობისათვის, ისევე, როგორც ევროპული ქვეყნების მიღწევები ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა დაცვის სფეროში - ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის;
- ვგმობთ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებასა და სიცოცხლის მოსპობას; საკულტო ნაგებობების ეთნიკურ-ისტორიული კვალის წაშლის მიზნით უხეში გადაკეთების, დახურვის ან განადგურების ყველა ფაქტს;
- ვემიჯნებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვის გამოვლინებებს და მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესს;
- მხარდაჭერას ვუცხადებთ საყოველთაო პლებისციტით განცხადებულ საქართველოს ისტორიულ არჩევანს - ევროპულ კურსს ეროვნული ტრადიციების, ოჯახისა და რწმენის ფუნდამენტური საკითხებისა და ღირებულებების შენარჩუნებითა და მოფრთხილებით.